ენერგეტიკა
23/09/2020

ვინ დააფინანსებს თბოსადგურის მშენებლობას

გარდაბანში მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის დაფინანსებაში “ნავთობისა და გაზის კორპორაციის”  სოლიდური მონაწილეობა იქნება, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ GOGC-ის დირექტორმა ფინანსურ საკითხებში ომარ ობგაიძემ. 

“პროექტის დაფინანსებაში კორპორაცია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ნაწილობრივ თავისი რესურსებით. რაღაც ნაწილის დაფინანსება მოხდება ე.წ Project finance-ის გამოყენებით, ან მოზიდული სახსრებით, შესაძლოა ეს იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ან ქართული ბანკების სინდიკატი. მეტი კონკრეტიკა გვეცოდინება, როდესაც გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია“, - აღნიშნა ომარ ოგბაიძემ.

თავდაპირველად, პროექტის დაფინანსება იმ 300 მლნ ევროს ბონდებიდან იგეგმებოდა, რომელიც კორპორაციას არსებული 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების გადასაფარად უნდა გამოეშა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება აღარ მოხდება და  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან“ 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო.

კორპორაციას  კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა აქვს გამოცხადებული.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება.

 

 

Businesspartner