ენერგეტიკა
10/06/2021

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა

„საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ მცირე და საშულო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების  განხორციელება“, - ამის შესახებ  ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

ნოღაიდელმა განმარტა, რომ „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის საქართველოში იმპორტი არ არის საქმიანობის მთავარი მიმართულება. მისი თქმით, კომპანიის მისიაა აზერბაიჯანული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით ექსპორტირება და ასევე, საჭიროების დროს, საქართველოს ბაზრისთვის, იაფად მისი შეთავაზება. „მუდამ ვამბობ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ „ელ გრინის“ ძირითადი მიმართულება აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტია მესამე ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში და თუ და როცა საჭიროა, ასევე საქართველოში“, - აღნიშნა მან.

ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ  როგორც ჩანს, ზოგიერთ პოლიტიკოსს ან მართლა არ ესმის რეალობა, ან თავს იტყუებს და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავს, როცა „ელ გრინს“ იმ იმპორტიორ კომპანიათა შორის მოიხსენიებს, ვინც, შესაძლოა, ანტიჰესების კომპანიას ლობირებდეს, რადგან მცდარად ითვლება, რომ ერთი შეხედვით, იმპორტიორებს ხელს არ უნდა აძლევდეს საქართველოში ადგილობრივი გენერაციის განვითარება.

„ამგვარი ხედვა, „ელ გრინის“ შემთხვევაში, არის ძირშივე მცდარი. უფრო შორსაც მიდიან და ამბობენ, რომ „ელ გრინი“ რუსეთიდან აწარმოებს ელექტროენერგიის იმპორტს, რომ ძვირად შემოაქვს დენი საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ვამბობ მკაფიოდ და სრული პასუხისმგებლობით - ამ საჯარო განცხადებით, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არც „ელგრინს“ და არც მის დამფუძნებელს, სულხან პაპაშვილს, არასოდეს შემოუტანია და არ შემოაქვს რუსული ელექტროენერგია საქართველოში. ჩვენ შემოგვაქვს ყველაზე იაფად ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან.

რაც შეეხება კომპანიის დამოკიდებულებას საქართველოში დამატებითი ენერგოსიმძლავრეების შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, - აქაც, მერამდენეჯერმე მიხდება მარტივი განმარტების გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ  „ელ გრინის“ პოზიციას - ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ენერგოსისტემის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის ენერგომოხმარება სრულად დაბალანსდეს ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებით. საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ კი მცირე და საშულო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საამისოდ საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების  განხორციელება“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები