ფინანსები
12/08/2022

2021 წელს 32-მა მუნიციპალიტეტმა 336 ობიექტის პრივატიზებიდან ₾24 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - IDFI

2021 წელს, 32-მა მუნიციპალიტეტმა საერთო ჯამში 336 ობიექტის პრივატიზება განახორციელა, რითაც 24 110 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. 

მუნიციპალიტეტების მიერ პრივატიზებული ობიექტების 71% უძრავ ქონებას წარმოადგენს. 336 პრივატიზებული ობიექტიდან  71 (21%) გაიყიდა დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებაზე დაბალ ფასად.  პრივატიზებული 80 ობიექტი თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით გაორმაგებულ ან უფრო მაღალ ფასად გაიყიდა აუქციონზე.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 26 ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოახდინა და შედეგად 10 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა შესწავლილ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ ჯამურ მაჩვენებლებს. დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალური ქონების პრივატიზება განახორციელეს ქუთაისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიებმა.

"ხშირ შემთხვევაში ქონების წინასწარ შეფასებული ღირებულება მნიშვნელოვნად არის აცდენილი გაყიდვის საბოლოო ფასს. აღნიშნული გარემოება აჩენს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ არის სათანადოდ დანერგილი პრაქტიკა, როგორც ეს დაადასტურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მერიის შემთხვევაში.

მერიამ ქონების გაყიდვამდე საწყისი საპრივატიზებო ღირებულება უნდა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასების საფუძველზე. ამასთანავე, აუქციონის პირობები დააწესოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის სოციალურ ეკონომიკური განვითარების მიზნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს და გაზრდის ქონების რეალიზებით მიღებულ სარგებელს", - აცხადებენ IDFI-ში.

Businesspartner