ფინანსები
24/08/2022

ADB: პანდემიამ სიღარიბესთან ბრძოლა აზიაში მინიმუმ 2 წლით შეაფერხა

„კოვიდ-19“-ის პანდემიამ მინიმუმ ორი წლით შეაფერხა სიღარიბესთან ბრძოლა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უფრო გართულდება სიღარიბისგან თავის დაღწევა, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო შესაძლებელი, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშშია ნათქვამი.

„მოსალოდნელია, რომ რეგიონის ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წელს უკიდურესი სიღარიბე შეამციროს, რაც დღეში 1.90 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით განისაზღვრება, რისი მიღწევაც, რომ არა პანდემია 2020 წელს იქნებოდა შესაძლებელი. მონაცემთა სიმულაციები ასევე აჩვენებს, რომ პანდემიამდელ პერიოდში რეგიონის დაბალი სოციალური მობილობის მქონე მოსახლეობამ შესაძლოა უფრო ხანგრძლივი შეფერხება განიცადოს“, – ნათქვამია  ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, „კოვიდ-19“-ის კრიზისმა შეაფერხა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის შემცირების ხანგრძლივი ტენდენცია. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ეკონომიკური აღმავლობისა, პროგრესი არათანაბარია. პანდემიას შესაძლოა, ასევე გაეუარესებინა შემოსავლის გარდა, სიღარიბის სხვა ფორმები, როგორიცაა საკვებით მომარაგების ჯაჭვის დარღვევა და არასაკმარისი წვდომა ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე.

„ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობა „კოვიდ-19“-ისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და ეკონომიკების გაჯანსაღების მიუხედავად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სიღარიბისგან თავის დაღწევა კიდევ უფრო გაუჭირდება. რეგიონის მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მედეგობაზე, ინოვაციასა და ინკლუზიურობაზე უფრო თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და მოსახლეობისთვის მეტი სოციალური მობილობის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია რეგიონში უკიდურესი სიღარიბის დონის ერთ პროცენტზე შემცირება. მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტმა შესაძლოა, მიაღწიოს მინიმუმ საშუალო ფენის სტატუსს, რაც დღიურად შემოსავლის ან მოხმარების 15 აშშ დოლარით განისაზღვრება და კორექტირდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროგნოზის სიზუსტეს საფრთხეს უქმნის განსხვავებები სოციალურ მობილობაში და მოსალოდნელი არასტაბილურობა სხვადასხვა მიმართულებით. განვითარებადი აზია დგას სტაგფლაციის, გლობალური მოთამაშეების მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტების, საკვებით მომარაგების ჯაჭვის მზარდი დარღვევისა და ენერგოფასების შოკის რისკის წინაშე.

„აზიისა და წყნარი ოკეანის მთავარი ინდიკატორები წარმოადგენს ყოვლისმომცველ ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სტატისტიკას აზიის განვითარების ბანკის 49 რეგიონული წევრის შესახებ. ბოლო ანგარიში ასევე მოიცავს საკითხებს:

• სპეციალური დამატება სოციალური მედიის ტექსტუალური მონაცემების ბუნებრივი ენის ტექსტების კომპიუტერული გადამუშავების შესახებ თემებისა და სენტიმენტების უწყვეტ და გრანულირებულ რეჟიმში ასასახად, რაც მკვლევარებს საზოგადოებრივი ტენდენციებისა და ანომალიების აღრიცხვაში ეხმარება;

• განახლებულ მონაცემებს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების შესახებ;

• პანდემიის შედეგად მძიმედ დაზარალებული სექტორების მუშაობის კვლევას, როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ენერგეტიკა;

• ნახევარგამტარი ჩიპების დეფიციტის რეგიონული გავლენის დეტალები;

• კარგი პრაქტიკების მიმოხილვა ადმინისტრაციული მონაცემთა ბაზის საინფორმაციო წყაროდ გამოყენების კუთხით განვითარების ინდიკატორების ფართო დიაპაზონისთვის, განსაკუთრებით სამუშაო ძალისა და დასაქმების სტატისტიკაში“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.