ფინანსები
01/06/2021

ალეკო ძნელაძე: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საბანკო პროდუქტებზე აისახა

უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად იზრდება იპოთეკური სესხების მოცულობა. პასიური იანვრისა და თებერვლის შემდეგ აქტიურობა განსაკუთრებით მარტსა და აპრილში დაფიქსირდა.

საფინანსო ინსტიტუტებში საცალო სესხების მთლიანი მოცულობა 14 მლრდ-ია, ხოლო ამ პორტფელში იპოთეკური სესხები 8,4 მლრდ. ბანკთაშორისი სესხების გარეშე იპოთეკური სესხების მოცულობა მთლიანი პორტფელის 22.5%-ია.

ბაზრის გამოცოცხლების ერთ-ერთ მიზეზად „ბიზნესპარტნიორთან“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალეკო ძნელაძე კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებასა და ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნას ასახელებს.

„იანვარ-თებერვალი საკმაოდ პასიური იყო. კომერციულ ბანკებში მსჯელობდნენ კიდეც, რამდენად გრძელვადიანი იქნებოდა ეს სტაგნაცია. ამ ფაქტზე არა მარტო იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შეჩერებამ, არამედ იმ რეგულაციებმაც იმოქმედა, რომელიც ქვეყანაში იყო. მარტიდან მდგომარეობა შეიცვალა და უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უძრავი ქონების ტრანზაქციების მიმართ აქტივობა 2019 წლის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა და გაუსწრო კიდეც. დადებითი მაჩვენებლების თვალსაზრისით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, როგორც მაისში, ასევე წლის ბოლომდე“,- აღნიშნავს ძნელაძე.

ბანკირის თქმით, 2020 წელს ე.წ გაფუჭებული სესხების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ძნელაძეს უჭირს ზუსტად ივარაუდოს, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბანკებს ამ მიმართულებით რეზერვების ბუფერი უკვე შექმნილი აქვთ.

"ნეგატიური სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში 6%-ზე მეტი იყო. აღნიშნული მაჩვენებელი არ არის კრიტიკული. განსაკუთრებით თუ ვიგულისხმებთ, რომ ამ პორტფელში შედის რესტრუქტურიზაციებიც, რომლის გადახდის პერიოდიც ჯერ არ აღდგენილა. ამ თვალსაზრისით უფრო ნათელი სურათი წლის ბოლოსთვის გვექნება. თუმცა არც 6%-ია კრიტიკული. აღნიშნული მიმართულებით საბანკო სექტორს რეზერვების ბუფერი უკვე შექმნილი აქვს“,- განმარტავს ალეკო ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი მოკლევადიან პერიოდში იპოთეკურ სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებას არ ელის. ამის ძირითადი ფაქტორი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე ზრდაა.

"საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით, სესხებზე უკვე დაფიქსირდა ზრდა. ეს განსაკუთრებით შეეხო ლარში გაცემულ სესხებს. რეფინანსირების განაკვეთის პროპორციულად, ეს პროდუქტებში უკვე აისახა. მნიშვნელოვანია, რამდენად გრძელვადიანი იქნება მონეტარული პოლიტიკის ასეთი მაღალი განაკვეთის ქონა. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად მაღალია. საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაშიც იზრდება. ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში ველოდებით, რომ საპროცენტო განაკვეთები შენარჩუნდება. ვიმედოვნებთ, ის არ გაიზრდება და არსებულ დონეზე დარჩება“,- აღნიშნა ძნელაძემ.

Businesspartner