ფინანსები
26/10/2020

არდი დაზღვევა: ინდუსტრია ჯანდაცვის სამინისტროსგან მეტ კონკრეტიკას ელოდება

სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვის სამინისტროსგან მეტ კონკრეტიკას ელოდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა, კერძო სექტორს მთავრობასთან ზეპირი კომუნიკაცია ჰქონდა. მისი განმარტებით, „არდი დაზღვევა“ მზაადაა მხარი დაუჭიროს COVID-ის მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

„თუმცა გვჭირდება თანამშრომლობის ფორმატი. სადაზღვევო კომპანიებმა ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას მოიცავს ჩვენი COVID-ის მართვაში მონაწილეობა, როგორი უნდა იყოს უკუკავშირი და ა.შ“- აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

კითხვაზე, რამდენად სწორია კერძო სექტორის პროცესებში ჩართვის გადაწყვეტილება, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათთვის უცნობია რას გულისმხობდა მინისტრი, როდესაც სადაზღვევო კომპანიების ვალდებულებებზე საუბრობდა.  მისი განცხადებით, კერძო სადაზღვევო სექტორს ვალდებულებები აქვთ მხოლოდ მათ მიერ დაზღვეულებთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ვიდრე არ გვექნება კონკრეტული პროტოკოლი. ზეპირი საუბრები იყო, თუმცა მნიშვნელოვანია სიცხადე. ყველა სადაზღვევო კომპანია მოქმედებს კერძო სადაზღვევო კონტრაქტების ფარგლებში.

ჩვენი ინდუსტრიის COVID-ის მართვაში მონაწილეობის შესახებ პირველად საუბარი შედგა 15 ოქტომბერს. მას შემდეგ ველოდებით კონკრეტულ, დაწერილ წესებს, თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა მოხდეს კერძო კომპანიების მონაწილეობა. მნიშვნელოვანია გაწერილი პროტოკოლი, რომ გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა - ვერა, რა ფარგლებში და რა რესურსებით. ვიმედოვნებთ, ამ კუთხით მეტი სიცხადე იქნება,“ - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში დღეიდან ერთვება. ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ფორმით ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ინფიცირებულთა მართვაში, არც  კონკრეტულ გაიდლაინებზე უთქვამს რამე, თუმცა აღნიშნა, რომ დაზღვეულები იხდიან მომსახურებაში შესაბამის თანხას.

 

Businesspartner