ფინანსები
31/05/2023

ბანკებისთვის ლიკვიდობის გაზრდის მოთხოვნა თავდაცვითი მექანიზმია

სებ-ის გამკაცრებული რეგულაცით, არარეზიდენტებისგან მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების კოეფიციენტი) 80%-მდე გაზრდას, კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

"რა მიზანსაც ემსახურებით თქვენ, იმის საწინააღმდეგო შედეგს ხომ არ მიიღებთ", - ჰკითხა სებ-ის ექსპრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის ამჟამინდელ შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილს, სებ-ის წლიური ანგარიშის საპარლამენტო მოსმენაზე.

მესტვირიშვილის განმარტებით, კოეფიციენტის 40%-დან 80%-მდე  გაზრდა, რა გადაწყვეტილებაც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა (ფსკ) მიიღო და სექტემბრიდან ამოქმედდება, დამატებითი დაცვითი მექანიზმია.

კომერციული ბანკები არარეზიდენტების სახსრებს, რომლის აბსოლუტური უმეტესობა მიმდინარე ანგარიშებია, ისედაც ლიკვიდურ აქტივებში ინახავენ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ რეგულაციით სებ-ი დიდ ცვლილებებს არ ელის. განაკვეთების გაორმაგების  მიზანი უფრო დაცვითი მექანიზმია, რომ ლიკვიდობის სახსრების გამოყენების ცალკეული შემთხვევები მასიურში არ გადიზარდოს.

აღნიშნა, რომ  რისკს მაღალი კონცენტრაცია აჩენს - ცალკეულ ბანკში რუსეთის მოქალაქეების  ფულის კრიტიკულ ზღვრამდე გაზრდა. რაც მოკლე ვადაში (1,2 წელი), ფულის გადინების შემდეგ, თვით კონკრეტულ ბანკს შეუქმნის საფრთხეს.

დაადასტურა, რომ საბანკო სექტორში გრძელვადიანი ნასესხები სახსრების ჩანაცვლების მიზნით, ლიკვიდობის გამოყენების ფაქტები აღინიშნება, თუმცა მხოლოდ ერთეული შემთხვევებია.

მან გზავნილების 2022 წლის სტატისტიკა მოიხმო: $4.4 მლრდ -ის ფულადი შემოდინებიდან,  $2.3 მილიარდი რუსეთიდანაა. 

შემოდინებები რამდენიმე მიზნობრიობით ნაწილდება: ფულადი გზავნილის კლასიკური დანიშნულებით და ასევე კაპიტალში შედინების მიზნით.

მისი თქმით, გზავნილების არხით რუსეთიდან გარკვეული დეპოზიტები გამოედინა, რომლის წილად რუსეთიდან შემოდინებების 52% - $1.2 მილიარდი მოდიოდა.

მისივე თქმით, ამავე წყაროთი შემოდის კრიპტოქტივების საყიდელი სახსრები, რაც დეპოზიტებისგან განსხვავებით,  ქვეენის ეკონომიკისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, გამკაცრებულ ლიკვიდობის მოთხოვნას მხოლოდ ფორმალიზების დანიშნულება აქვს.  

 

Businesspartner