ფოტო: bbc
ფინანსები
11/05/2023

ბიზნესის დაკრედიტების ზრდა აჩქარდა

მარტში, დეკემბერთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი 1.7 %პ-ით გაიზარდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.8% შეადგინა.

სებ-ის მპ-ის მაისის ანგარიშით, აღნიშნულ პერიოდში, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპმა მცირედით მოიკლო და 15.8% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 3.6 %პ-ით გაიზარდა, 11.6%-მდე.

ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში ძირითადად სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის სექტორის დაკრედიტებამ განაპირობა. საკრედიტო პირობების  კვლევით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები საცალო და ბიზნეს სესხებზე მოთხოვნის მცირედით ზრდას ელიან.

ვალუტების ჭრილში საგულისხმოა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საკრედიტო პორტფელის ზრდა, კვლავ, უმეტესწილად, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდით იყო განპირობებული

თუმცა, ამასთან უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. პირველ კვარტალში უცხოური ვალუტის სესხების წლიური ზრდა 3.5 %პ-ით გაიზარდა და 11.3% შეადგინა, ხოლო ლარის პორტფელის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 16.4% იყო.

შედეგად, პირველ კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა და, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 55.5%-ს გაუტოლდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები