ფინანსები
26/10/2020

"დაუდასტურებელი COVID-19-ის ტესტირების ანაზღაურება სადაზღვევოს ვალდებულება ვერ იქნება"

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, თუ რა სახით და რა ფორმით უწევთ სადაზღვევო კომპანიებს COVID-19-ის მართვაში ჩართვა.

ნინო კობახიძის განმარტებით, დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვას სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ, ამაში შედის მედიკამენტოზური მკურნალობაც. როგორც „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, დადასტურებამდე კერძო სექტორი ვერ ერთვება და გართულებული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის ტრიაჟის (ჰოსპიტალამდე გადაუდებელი დახმარება) გაიდლაინსაც კერძო სექტორი სახელმწიფოსგან ელოდება.

მისი განცხადებით, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"  ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ჩართულობას ჯერ კიდევ თებერვალში სთავაზობდა, რადგან მსუბუქი პაციენტების მართვა სადაზღვევო კომპანიებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს - არც სახლში მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დანიშვნის ფურცელია პრობლემა, თუმცა, ეს ყველაფერი პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში გამოცხადებული პროტოკოლით უნდა იმართებოდეს.

„ინდივიდუალურად, სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმი ვერ გადაწყვეტს როგორ მართოს პაციენტი. შესაბამისად, ჩვენ ხაზზე ვართ და ველით ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ პროტოკოლის მოწოდებას. 

რაც შეეხება დაუდასტურებელ შემთხვევებს, ტესტირებას, ვინ სად უნდა გადამისამრთდეს, რომელ კლინიკაში და რომელ ცხელების ცენტრში - ეს არ იქნება სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმების ვალდებულება. ასეთ დროს ტესტირების ფასების ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიების ვალდებულება ვერ იქნება, თუმცა, ამაშიც მზად ვართ, რომ მართვის და მენეჯმენტის პროცესში ერთიანი გაიდლაინის შედეგად სახელმწიფოს დავეხმაროთ,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.

კითხვაზე, გადამზადებულები არიან თუ არა სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმები, კობახიძე აცხადებს, რომ  ამ დროისთვის სამინისტროსთან კომუნიკაცია მიმდინარეობს და  სექტორი ელოდება, რომ დაიწყება ერთიანი გადამზადების ციკლი.

„ჩვენი ოჯახის ექიმები უკვე ხაზზე არიან და პირველივე დღიდან კონსულტაციებს ველოდებით. ახლა მიმდინარეობს 112-ის ტექნიკური დეტალების ჩატვირთიანობა რადგან ჩვენს დაზღვეულს ჩვენ უნდა მოვემსახუროთ და სხვა არა. ფინანსური მხარე კი სადაზღვევო კომპანიის მხარეს ვერ იქნება, რადგან ჩვენც არ ვიცით ბოლომდე ამ დაავადების მართვის ერთიანი გაიდლაინი, ეს ინდივიდუალურია. ჩვენს ქოლ-ცენტრში დილიდან უკვე ათასობით ზარი შემოდის,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.

შეგახსენებთ, სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში დღეიდან ერთვება. დღეს ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ფორმით ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ინფიცირებულთა მართვაში, არც  კონკრეტულ გაიდლაინებზე უთქვამს რამე, თუმცა აღნიშნა, რომ დაზღვეულები იხდიან მომსახურებაში შესაბამის თანხას.

 

 

Businesspartner