ფინანსები
30/04/2021

დავით კიკვიძე: ციფრული ლარი ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობა იქნება

ფინტექ კომპანიები ეროვნული ბანკის ინიციატივას ციფრული ლარის შექმნაზე მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელება დიდ დროსთან იქნება დაკავშირებული.

ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე ამბობს, რომ ციფრული ლარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობად იქცევა.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ფეხს მსოფლიო ტენდენციას, ტექნოლოგიების დანერგვას ეკონომიკასა და ბიზნესში, მნიშნელოვანია ციფრული ლარის არსებობა და დანერგვა ჩვენ ქვეყანაში. ერთი მხრივ, ეს ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობა იქნება, მეორე მხრივ კი როგორც ფინანსურ-ტექნოლოგიური დარგის განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს", - განაცხადა დავით კიკვიძემ.

ამავდროულად ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია პროცესში ბევრი ტექნოლოგიური კომპანია ჩაერთვება. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს და თანამშრომლობისთვის ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს იწვევს. პროექტის დაწყებით საქართველო მსოფლიო ტრენდს უერთდება. ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის, ანუ CBDC-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება. ეროვნულ ბანკში ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობას ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ შედეგად ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაიზრდება და მოხდება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, საგადახდო სისტემის ეფექტიანობა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ ციფრულ ვალუტას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. 

მთავარი სიახლეები