ფინანსები
02/03/2023

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ₾150 მლნ-ია განთავსებული

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 150 მლნ ლარია აკუმულირებული.

როგორც სააგენტოს დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ თანხის ძირითადი ნაწილი სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული და მას წლიურად საშუალოდ 9%-მდე სარგებელი ერიცხება.

ლევან თოდუას განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის ცვლილებას არ განიხილავს. „თანხები ძირითადად განთავსებულია სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, თუ რაიმე ნაშთი გვაქვს, ამ შემთხვევაში თანხას ეროვნული ბანკის სადღეღამისო დეპოზიტზეც ვანთავსებთ, სადაც სარგებელი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობითაა.

რაც შეეხება უფრო მომგებიან აქტვებში ინვესტირებას, ჩვენი ფონდისთვის მთავარია ლიკვიდურობა და უსაფრთხოება. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მაინცდამაინც მოგებაზე ვიყოთ ორიენტირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შემოსავალი რაც პროცენტის სახით გვერიცხება, რადგან საკმაოდ დიდ შემოსავალს აგენერირებს. რომ შევაჯამოდ, არ ვგეგმავთ საინვესტიციო პოლიტიკის ცვლილებას და ისევ გავაგრძელებთ სახაზინო ობლიგაციებში ამ თანხების განთავსებას,“-განმარტა ლევან თოდუამ.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. დეპოზიტების დაზღვევის ზღვართან დაკავშირებით ცვლილება ერთხელ უკვე განხორციელდა.

შედეგად, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, 2022 წლის პირველი იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდა. მანამდე კი მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები იყო დაზღვეული.

Businesspartner