ფინანსები
20/03/2020

დისტანციური საბანკო სერვისები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ხელმისაწვდომი იქნება

საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე მითითებულია, რომ კარგად არის განვითარებული  დისტანციური მომსახურების სერვისები და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ეს სერვისები არ შეიზღუდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. “ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”.

ეროვნული ბანკი მოვუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლას.

“ბანკებს, სგს-ებს, მისოებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. მათ, ასევე, უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანში დღეიდან დამატებით შეზღუდულია მაღაზიებისა და სავჭრო ობიექტების მუშაობა. ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.

Businesspartner