ფინანსები
14/07/2021

ძნელაძე იპოთეკით უზრუნველყოფილ ბონდებზე: ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ქართულ ბაზარზე იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტის დანერგვის ინიციატივას აფასებს.

ალეკო ძნელაძის თქმით, შესაძლებელია სესხის მაგივრად აღნიშნული ობლიგაციებით მოხდეს გრძელვადიანი ლარის მიწოდება საბანკო სისტემისთვის, ასევე აღნშნული პროექტი მეორადი ბაზრის შექმნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ბაზარზე გრძელვადიანი ლარის პრობლემა დგას, მუდმივად პრობლემატური საკითხია ეს. როგორც ვიცი, პირველი ეტაპისთვის ეროვნული ბანკი სრულად დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს. აღნიშნული ინსტრუმენტით არამხოლოდ ეროვნული ბანკი ისარგებლებს, არამედ შესაძლებელია ეს სხვა საფინანსო ინსტიტუტების ინტერესებშიც იყოს. მაგალითად, პროექტში მონაწილეობას იღებს EBRD და IFC. შემდგომისთვის პროდუქტი შეიძლება მიმზიდველი იყოს სხვა ბენეფიციარრებისთვისაც. მნიშვენლოვანია, რომ სებ–ი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლოს და შესაძლებელი იყოს სხვა პორტფელებითაც იყოს წვდომა ობლიგაციებზე, ეს იქნება მიკროსესხები თუ სხვა ბიზნეს სექტორი.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია და ხელ უწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ასევე გრძელვადიანი რესურსის შექმნას. პარალელურ რეჟიმში უნდა არსებობდეს ფონდები, რომლებიც დაინტერესდებიან ობლიგაციებით და ხელს შეუწყობენ ბაზრის განვითარებას", – აღნიშნავს ალეკო ძნელაძე.

მისივე თქმით, თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირებაზე მიბმული იპოთეკური სესხების დაგირავების პროცესს ობლიგაციებით ჩაანაცვლებს, პირველადი ეტაპისთვის ეს იქნება ხელოვნურად, თუმცა მომავალში სრულად ჩანაცვლება. თეორიულად, თუ მეორადი ბაზარი იარსებებს, ბევრად უფრო ლიკვიდური პროდუქტი შეიქმნება.

„რაც შეეხება ბანკების მხრიდან დაინტერესებას, არსებობს ალტერნატიული საშუალებაც, რომელიც არის იპოთეკური პორტფელის დაგირავება ეროვნულ ბანკში. პირველ ეტაპზე, ეს ინიციატივა ბანკებისთვის არ ითვლება პრინციპულად მნიშვნელოვნად, მაგრამ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შესაძელბელია აღნიშნული ობლიგაციების სხვადასხავა მომხმარებლებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის შეთავაზება. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც,“ – აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.  

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა "იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ" (Covered Bonds) კანონპროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.  

კანონპროექტის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება.

 

Businesspartner