ფინანსები
29/04/2021

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზანად.

CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC - ს მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC - ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.

CBDC - ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC - ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს.

"ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, KYC და AML / CFT ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობის და მონაცემთა მართვაში", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მთავარი სიახლეები