ფინანსები
15/04/2021

ევა ბოჭორიშვილი: ნეგატიური სცენარისკენ მივდივართ

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მათ შორის, მესამე ტალღის მოლოდინი, ჩაკეტვა, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ.

„მთავარი ის არის, რომ ველოდებოდით ტურიზმის აღდგენას და ვაქცინაციის ნელი ტემპიდან გამომდინარე, რომელიც ეპიდვითარებას ართულებს და ლარზეც გავლენას ახდენს, ეს მოლოდინებიც შეიცვალა. ბოლო პროგნოზით 3.5–ის ფარგლებში ველოდებით ლარის კურსის ცვლილებას. ამის მიუხედავად, არსებობს პოზიტიური ფაქტორებიც, ექსპორტი და ფულადი გზავნილები იზრდება, რასაც თავისი დადებითა გავლენა აქვს,“ – აღნიშნავს, ევა ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, წლის დასაწყისში დადებითი სცენარის მიხედვით, ტურიზმის აღდგენას ელოდნენ, ამ ეტაპზე კი ეს მოლოდინები არ არის გამართლებული და უფრო ნეგატიური სცენარისკენ მივდივართ.

„რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $40 მლნ დოლარიდან მხოლოდ $25.4 მლნ გაიყიდა, როგორც წინა ჯერზე, $40 მლნ–დან $27 მილონი, ჩვენი აზრით ეს ნიშნავს, რომ ბაზარი არის გაურკვევლობაში და რა მოთხოვნაც არის სავალუტო ბაზარე იმის შესაბამისად იყიდება დოლარი. ლარის მეტად გაუფასურების მოლოდინი რომ იყოს, უფრო მეტი გაიყიდებოდა, მაგრამ წონასწორული კურსი რა არის, ბაზარმა ჯერ არ იცის და დიდ გაურკვევლობაშია. შესაძლოა, ლარის კურსის გამყარებას ელოდებიან.

ამ ეტაპზე, მთავარია წესების დაცვა და ამაზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილება, რადგან ეკონომიკის კიდევ ერთი ჩაკეტვა სიტუაციას გააუარესებს, რაც ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება. შესაძლოა, ვიფიქროთ სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანაზე, რომ ბიზნეს აქტივობას ნაკლებად შევეხოთ და წესების დაცვით გააგრძელონ ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ტემპის გამოსწორება ერთ-ერთი მნიშვენელოვანი საკითხია. მეტ რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ,“ – ამბობს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკის სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან მხოლოდ 25.4 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

ამ აუქციონის ჩათვლით, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $212.9 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

 

Businesspartner