ფინანსები
14/09/2021
ავტორი: Business Partner

ფინანსურ კონგლომერატებს მოთხოვნები დაუწესდებათ

ეროვნული ბანკი ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობის უფლებას მიიღებს. საუბარია ისეთი ჯგუფების რეგულირებაზე, რომლებშიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები გვხვდებიან. ასეთებია სადაზღვევო ორგანიზაციები, კომერციული ბანკები, ასევე საინვესტიციო თუ საბროკერო ფირმები.

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფინანსური კონგლომერატის სტატუსი მიენიჭება და რიგი მოთხოვნები დაუწესდება. ასეთი კი შეიძლება იყოს კაპიტალის ადეკვატურობა, რისკის კონცენტრაცია, მისი მართვა და ჯგუფის შიდა ტრანზაქციების თვალსაზრისით სხვადასხვა მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ამ დირექტივის მოთხოვნების ძირითადი მიზანი სექტორული წესების შესაძლო ხვრელების აღმოფხვრა და ჯგუფის არარეგულირებადი წევრებისგან მომდინარე რისკების შემცირებაა.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ეკა ბერიანიძე განმარტავს, დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში არსებული არცერთი ჯგუფი არ ექცევა ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში.

"კანონპროექტში უცვლელად იქნა გადმოტანილი ის ზღვარი და კრიტერიუმი, რასაც ფინანურ კონგლომერატად ცნობისთვის დირექტივა ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის დამტკიცება არ გამოიწვევს რაიმე კრიტიკულ ცვლილებებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესსა და ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლობაზე", - განმარტავს ეკა ბერიანიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები