ფინანსები
25/11/2022

ფინანსურმა სექტორმა სებ-თან ანგარიშგებისთვის იურიდიული პირების ერთიანი ბაზა შეიმუშავა

ფინანსური სექტორის მიერ სებ-თან ანგარიშგებისთვის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების ერთიანი ბაზა შემუშავდა.

სებ-ის ცნობით, აქამდე არსებული სისტემით, კომერციული ბანკები თავად ანიჭებდნენ იურიდიულ პირს შესაბამისს სტატუსს, ახალ ბაზაში კი იურიდიული პირების კლასიფიკაცია ინსტიტუციური სექტორების, ეკონომიკური საქმიანობის სახეობისა (NACE Rev 2) და საწარმოთა ზომის მიხედვით ერთიანადაა წარმოდგენილი.

ერთიანი ბაზა აზუსტებს მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) და კორპორატიული სესხების ჩაშლას. ცვლილებამ გარკვეული გავლენა იქონია ფართო ფულის მაჩვენებლების დაანგარიშებაზეც, რამდენადაც ფართო ფულის მაჩვენებლებში, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იურიდიული პირებისა და ბანკთაშორისი დეპოზიტებისა, იურიდიული პირების დეპოზიტებიც შედის. მიუხედავად ჩაშლილი მონაცემების ამ დაზუსტებისა, სესხებისა და დეპოზიტების ჯამური რიცხვები არ იცვლება.

ეროვნული ბანკი, ფინანსურ სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღნიშნული ერთიანი ბაზის მიხედვით მონაცემების განახლებულ და დაზუსტებულ კლასიფიკაციაზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჯამური სტატისტიკის ჩაშლაში დაზუსტებები და კორექტირებები პერიოდულად განხორციელდება.

Businesspartner