ფინანსები
15/03/2023

ფულადი გზავნილები თებერვალში 103%-ით გაიზარდა - ტრანსფერებით რუსეთი ლიდერობს

ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში მაჩვენებელი წლიურად გაორმაგებულია და 372 მილიონ დოლარს აღემატება.

გზავნილებზე მიგრაციის ეფექტი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და სწორედ რუსეთია ლიდერი ტრანზაქციებში 50%-იანი წილით.

თებერვალში სულ გზავნილების მოცულობამ რუსეთიდან 187 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წლიური ზრდა კი თითქმის 754%-ია. მეორე ადგილზე იტალიააა 39 მილიონი დოლარით, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია 31 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით არის გაზრდილი.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.6% მოდიოდა.

2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.

 

 

Businesspartner