ფინანსები
13/10/2022

გიორგი დანელია: საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ ₾1.8 მლრდ შეადგინა 

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 235 962 დასაქმებული, დამსაქმებლების ოდენობის მაჩვენებელი კი,  82 795-ია. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში განიხილეს. 

სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას ინფორმაციით, საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ შეადგინა 1 782 134 866 ლარი. ამავე პერიოდში ფონდიდან გამოტანილია 66 483 394 ლარი.

მომხსენებელმა ელექტრონულ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რის შედეგად მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება სერვისები ელექტრონულად, დისტანციურად მიიღონ.

მისი თქმით, სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10  კომერციულ ბანკში ჰქონდა გახსნილი, რომელთა მეშვეობით სააგენტო საპენსიო   შენატანების   შეგროვებას ახდენდა.   

"საანგარიშო პერიოდში დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8 %-დან - 9.6%-მდე და აღნიშნულ პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობამ  18 243 117 ლარი შეადგინა", - განაცხადა გიორგი დანელიამ.

მომხსენებელმა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესზე ისაუბრა.

გიორგი დანელიას ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო აქტივების ჯამურმა ოდენობამ  2 184 460 ლარი,  ხოლო 2021 წლის განმავლობაში გაცემულმა პენსიამ 1 559 077 ლარი შეადგინა.

მომხსენებელმა საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობაზეც ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საინვესტიციო აქტივების მოცულობა შეადგენდა 1 980 289 982 ლარს.

მომხსენებელმა  რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა  საპენსიო სააგენტოსა და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების  დამოუკიდებელ  აუდიტორულ  შემოწმების პროცესზე.

როგორც გიორგი დანელიამ აღნიშნა, 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 6 მლნ ლარს, საიდანაც 57% დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 43% საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურით.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 99%-ს,  რომლის 13% მიიმართა არაფინანსური აქტივების შესაძენად, ხოლო 87% სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები