ფინანსები
11/05/2023

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

"ბოლოხანს მნიშვნელოვნად იკლო ინფლაციის ტემპმა და ეროვნული ბანკის 3 პროცენტიანი სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც სასაქონლო ფასების კლების, ლარის გამყარების, მკაცრი მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ასევე გლობალურად მკაცრი ფინანსური პირობების შედეგია. საბაზო ინფლაცია ასევე შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, დასაქმების ბაზარზე მუშახელი სიმწირის, ხელფასების ზრდის და დაბალი უმუშევრობის გამო.

მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შესრულებულია, ერთი გამონაკლისის გარდა. შესრულებულია პირობები ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის და საერთაშორისო რეზერვების თაობაზე. ბიუჯეტის მიერ გაცემულ სესხებმა საწყის ეტაპზე დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, ეს პარამეტრი შემდგომ გასწორდა. ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები საგადასახდო პოლიტიკისა და ადმინისტრების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკების, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.

2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება,"-აღნიშნულია მიმოხილვაში. 

შეგახსენებთ, 27 აპრილიდან 10 მაისამდე სსფ-ს მისია ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) მეორე მიმოხილვა იყო. 

Businesspartner