ფინანსები
16/07/2020

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან. 

ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანად აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის მოკლევადიანი ეფექტი სახეზეა. მისივე განმარტებით, ერთია სესხებზე მოთხოვნა, თუმცა, მეორეა აქედან რამდენი იქნება გაცემული.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით ორი კვირაა ამოქმედდა, ამიტომ ძნელაძე ამ ეტაპზე ციფრებზე ვერ საუბრობს.

„სხვადასხვა ბანკებისგან და დეველოპერული კომპანიებისგან ველოდებით კონკრეტულად ამ სუბსიდირებაზე მორგებულ პროდუქტებსაც, რომელიც გვგონია, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აღნიშნული მიმართულებით გააქტიურებას. მაგალითად, ის დეველოპერები, რომლებიც ეგრეთ წოდებული თეთრი ჩარჩოთი ყიდიდნენ ბიზნებს, დღეს საუბარია იმაზე, რომ რემონტიან ბინებს გაყიდიან და ამას ფასში შეიყვანენ“, - აღნიშნავს ძნელაძე.

რაც შეეხება მოლოდინებს, ძნელაძეს უჭირს ციფრებზე საუბარი რადგან ეს გამომდინარეობს იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება ბაზარზე და იქნება თუ არა ტექნიკური პრობლემები, მათ შორის, გაძლიერებული იქნება თუ არა საკარანტინე პირობები, თუმცა, ამის გათვალისწინებით მოლოდინია, რომ სუბსიდირებული პორტფელი მინიმუმ 300 მილიონი ლარი წლის ბოლომდე გენერირდეს.

მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა. ბანკებმა კი სესხების გაცემა 1 ივლისიდან დაიწეს. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5%;სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;სუბსიდირება შეეხება 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ახალ აშენებული ბინის შესაძენად, ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით; გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;გარანტია ვრცელდება 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაცემულ სესხზე;გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

 

 

 

Businesspartner