ფინანსები
24/05/2023

კაკაურიძე: წლის მეორე ნახევარში ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესოს

წლის მეორე ნახევარში ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესოს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წელს ეკონომიკურ პარამეტრებში ქვეყანას კარგი ტენდენციები აქვს.

„ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ეკონომიკური აქტივობა პირველ კვარტალში უფრო მაღალი იყო და 7.2% შეადგინა ეკონომიკურმა ზრდამ.

თუ პირველ ნახევარში შენარჩუნდა ეს დინამიკა, წლის მეორე ნახვევრისთვის გადავხედავთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს.“-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, თუმცა მოლოდინია, რომ წელს ინფლაციის კლება გაგრძელდება.

„წლის პირველ კვარტალში ინფლაციის კლების ტენდენცია უკვე გამოკვეთილია. აპრილში 2.7% იყო ინფლაცია და მოლოდინია, რომ კიდევ უფრო ქვევთ წამოვა ეს მაჩვენებელი. ლარის გაცვლით კურსს რაც შეეხება გვაქვს გამყარება, უშუალოდ დოლართან მიმართებაშიც, რაც ყველაზე მეტი ყურადღების ქვეშ არის. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ლარის სავაჭრო პარტნიორებთან საშუალო გაცვლითი კურსის გამყარება, რაც 6.4% იყო მარტის მდგომარეობით, თუმცა ახლა უფრო მაღალია გამყარების მაჩვენებლები.“-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

Businesspartner