ფინანსები
21/09/2022

ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები ახლებურად მოწესრიგდება

ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები ახლებურად მოწესრიგდება. ცვლილებას "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

კანონპროექტის თანახმად,  დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს მაშინ. თუ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდები, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმური მიზნების განხილვა წარიმართოს არა ზოგადად, ერთიანად და ყველა შემთხვევაში მოხდეს ან სარგებლობის აკრძალვა ან განკარგვის აკრძალვა, არამედ ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით, იმის მიხედვით თუ რა მიზანს ესწრაფვის პროკურატურა და სასამართლომ რა მიზნისთვის უნდა დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.

"იმ შემთხვევაში თუ იარსებებს  დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობის აკრძალვაც მოხდება", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად ედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე.

ასევე, თუ დაწყებულია "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვეა.

ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს.

კანონპროექტის ინიციატორების არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ფრიდონ ინჯია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები