ფინანსები
31/01/2023

ქუდოს ჯორჯია: მაღალი ინფლაცია მაღალ ეკონომიკურ ზრდას ჭამს

კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორის ირაკლი ჟვანიას განცხადებით, ინფლაცია 2023 წელს ისევ გამოწვევად რჩება, ამის შესახებ მან გადაცემაში „ბიზნესპარტნორი“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, თუ ავიღებთ იმ მაჩვენებელს, რომ 2022 წლის იანვარში 14%-იანი ინფლაცია იყო, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი 10%-ია, დავინახავთ შემცირების ტრენდს, თუმცა, მაღალ ინფლაციასთან ბრძოლა იწვევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.

"ვხედავთ, რომ წლის ბოლოს დაკრედიტება მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რისკია ეკონომიკური ზრდისთვის,ეს ფაქტორები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“ -აცხადებს „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი.

მისივე მტკიცებით, თუ ეროვნულ ბანკს ინფლაციასთან ბრძოლა მოუწია, მათ შორის, მაღალი მონეტარული განაკვეთით, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სასესხო  საკრედიტო აქტივობებს საქართველოში, განსაკუთრებით ლარში, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ადრე თუ გვიან გავლენას მოახდენს.

„ეროვნული ბანკის ვარაუდით, 2023 წლის ბოლოს ინფლაცია 3.5% იქნება. მე ვფიქრობ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 5%-მდეც რომ შემცირდეს, ეს მაინც ნორმალური მაჩვენებელი იქნება, რადგან ამას მოჰყვება  საპროცენტო განაკვეთების შემცირება,რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება როგორც ბიზნესზე, ისე მოქალაქეებზე,“-აცხადებს ჟვანია.

კითხვაზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და ეს  რიგით მოქალაქეზე არ ისახება, ახლა როგორ იგრძნობს საზოგადოება  ინფლაციის შემცირებას, „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი განმარტავს, რომ ფასები მაღალი ინფლაციის პირობებში იზრდება.

„მაღალი ინფლაცია მაღალ ეკონომიკურ ზრდას ჭამს. თუ ეს სხვაობა შემცირდება ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ, 2-3 კვარტლის შემდეგ მოსახლეობა ამას იგრძნობს. ისევე როგორც ნავთობის ფასების ბუმის შემდეგ, ახლა ვუყურებთ რომ საწვავზე ფასებმა დაიწია. ის, რომ მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს, არის მაღალი ინფლაციის "დამსახურება" და ამას მიხედვა სჭირდება. ერთია ბიზნესის  მოლოდინი და მეორეა ის სოციალური ფონი, რაც შეიძლება ქვეყანაში იყოს,“-აცხადებს   ჟვანია.

რაც შეეხება გამოსავალს, „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი აცხადებს, რომ აუცილებელია იმაზე ორიენტირი, რომ ქვეყანა ერთ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული.

„მთავარია არ ვიყოთ ერთი ტიპის ეკონომიკურ აქტივობაზე დამოკიდებული ქვეყანა და მეტი მდგარადობა შემოვიტანოთ,“-აცხადებს ჟვანია.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11% შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1%-ით განისაზღვრა.  რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა.

Businesspartner