ფინანსები
22/09/2022

მინისტრი: სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის მიზანია აქციების ნაწილი საფონდო ბირჟებზე გავიდეს

"სახელმწიფო საწარმოები ჩვენ ვთვლით, რომ არის პოტენციურად ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელსაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეუძლია შეიტანოს მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი".

ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულების რეფორმირება აქტიურად მიმდინარებს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა.

"მოგეხსენებათ, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს მიმდინარე პროგრამის ძალიან აქტიური კომპონენტი. უკვე გასული კვირის განმავლობაში, როდესაც სსფ-ის მისია იყო საქართველოში ჩამოსული, ჩვენ შევთანხმდით სრულ დიზაინზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს კორპორატიზაცია და ახლა უკვე გადავდივართ იმპლემენტაციის ნაწილზე იმ გეგმის შესაბამისად, რაც შეთანხმებაშია.

რამდენიმე წელია საჭირო, რომ საწარმოებმა სრულად დამოუკიდებლად შეძლონ რესურსის მოპოვება როგორც სასესხო, ასევე კაპიტალის ნაწილში. მთავარი მიზანი არის, განხორციელდეს ამ საწარმოების კორპორატიზაცია და მათი მართვა მოხდეს როგორც კორპორაციების, შესაბამისად, ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მათგანს, რომ კაპიტალისა და სასესხო ნაწილში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. საბოლოო მიზანია კორპორატიზაცია მოხდეს იმგავრად, რომ აქციების გარკვეული ნაწილი მაინც გავიდეს საფონდო ბირჟაზე საქართველოში თუ საქართევლოს გარეთ და მოხდეს მათი ლისტინგი და ვაჭრობა ქართული ფასიანი ქაღალდებით," - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის დაწყებაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო საუბარი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეულია შეტანხმება სამწლიანი $289 მლნ–ის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.

 

Businesspartner