ფინანსები
02/03/2023

"მიწის ფრაგმენტაცია და დაბალი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობის მთავარ გამოწვევად რჩება"

„მიწის ფრაგმენტაცია და დაბალი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობის სექტორის მთავარ გამოწვევად რჩება,“ - ამის შესახებ GALT&TAGGART-ის მიმოხილვაშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ფერმერების ძირითად ნაწილს, დაახლოებით 73%-ს მოსავალი ერთ ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე მოჰყავს. სურათი რადიკალურად განსხვავებულია ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც მეურნეობების ძირითადი ნაწილი მოსავალს მინიმუმ 5 ჰექრამდე მიწის ფართობზე იღებს.

„ფერმერული გაერთიანებების ნაკლებობა შედეგად იწვევს დაბალ პროდუქტიულობას. ჩვენთან ფერმერული მეურნეობების გამსხვილების დიდი პერსპექტივაა და მეტი ინვესტიციების შემთხვევაში, ეს სექტორი უფრო ორგანიზებული და შესაბამისად, შემოსავლიანი შეიძლება გახდეს.

ჩვენ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს პროდუქტიულობის კუთხით. საქართველოში ძალიან ბევრია წვრილი ფართობები, რაც პროდუქტიულობას კიდევ უფრო ამცირებს და აქაც არის გამსხვილების დიდი პერსპექტივები. საჭიროა მეტი მხარდაჭერა როგორც საბანკო სექტორის ისე სახელმწიფოს მხრიდან.“-აღნიშნა GALT&TAGGART-ის ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა.

Businesspartner