ფინანსები
10/05/2022

მწვანე სესხებზე მოთხოვნა იზრდება - რას სთავაზობენ ბანკები მომხმარებლებს

თუ თქვენ საკუთარი საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება გსურთ, არჩევანი მწვანე სესხზე უნდა შეაჩეროთ.

მწვანე სესხის დეფინიცია მრავალგვარია, თუმცა შინაარსი და მიზანი ერთი. მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს არის დაფინანსების ისეთი ფორმა, რომელიც მსესხებელს საშუალებას აძლევს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული თანხით განახორციელოს პროექტი, რომელიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მწვანე სესხის აღება რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელი. მათ შორის სუფთა და განახლებად ენერგიებში, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შემცირების მიზნით, ან სუფთა ტრანსპორტის განვითარებისთვის.

საქართველოში მწვანე სესხებზე მოთხოვნის მზარდი ტენდენციაა. ადგილობრივი ბანკები კი საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან ერთად მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პროდუქტს სთავაზობენ.

“ბაზარი მზარდია, ტრენდი დადებითი, მოთხოვნა კი ძალიან მაღალი. ჩვენთვის მწვანე დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ფაქტობრივად, ბანკის იდენტობის ნაწილია და 12 წელია მწვანე სესხების წახალისებას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ვცდილობთ“,- აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ „პროკრედიტ ბანკის“ გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ჯაშიაშვილი.

გერმანული ბანკი მწვანე სესხებს რამდენიმე მიმართულებით გასცემს. განსაკუთრებული პოპულარობით განახლებად ენერგიებში ინვესტირება სარგებლობს.

მწვანე სესხების მთელი სპექტრი გვაქვს. მაგალითად, ენერგოეფექტური სესხები. ამ მიმართულებით დაკრედიტების შემთხვევაში კლიენტს შეუძლია, ინვესტიცია ჩადოს დანადგარში, ან ტექნიკაში, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ დაზოგოს ენერგია, ხარჯი და დარჩეს ეკონომიკურ მოგებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრომანქანების სესხებიც. ჩვენი ელექტრომანქანების დამტენების ქსელიც გვაქვს. მომხმარებელს მანქანის დატენვა სრულიად უფასოდ შეუძლია. წლის ბოლომდე ამ ქსელის გაზრდასაც ვგეგმავთ“,- განაცხადა ჯაშიაშვილმა.

„პროკრედიტ ბანკში“ მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის 16% შეადგენს. უახლოეს წლებში საფინანსო ინსტიტუტი ამ მაჩვენებლის 20%-მდე გაზრდას გეგმავს. აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად საშუალება გვეძლევა, რომ ჩვენს კლიენტებს სესხები საინტერესო პირობებით შევთავაზოთ. იქნება ეს საპროცენტო გააკვეთი, უზრუნველყოფის შემსუბუქებული მოთხოვნა, თუ სხვა. ასევე, გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა და მის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს კლიენტებს მწვანე ინვესტიციის მიზანშეწონილობის განსაზღვრაში ეხმარებიან“,- ამბობს ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.

მომხმარებელს ენერგოკრედიტით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ბანკში. აღნიშნული პროდუქტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ელექტროსადგურების ინსტალაციას გულისხმობს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა მას შემდეგ, რაც შარშან ელექტროენერგიის ტარიფი დაახლოებით 50-70%-ის ფარგლებში გაძვირდა. ამან ბიზნესებს საშუალება მისცა, რომ ამ ინვესტიციაზე უკუგების პერიოდი დაახლოებით 5-დამ 6 წლამდე შემცირებულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხარჯის გაწევით ბიზნესები გადაიხდიან სესხის თანხაში იმავე მოცულობის თანხას, რასაც გაძვირებამდე ელექტროენერგიაში იხდიდნენ. დაახლოებით 5- 6 წლის შემდეგ, პრაქტიკულად უფასოდ ექნებათ ელექტროენერგია 20 წლის განმავლობაში“,- აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან’ საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

ენერგოკრედიტის მიღებისთვის ბანკში ამ ეტაპზე დაახლოებით 30 მილიონის მიმართვიანობა ფიქსირდება, საიდანაც ნახევარი უკვე დაფინანსებულია, ნაწილი კი ახლა მუშავდება.

განახლებადი ენერგიების მიმართულებაა ყველაზე მოთხოვნადი თი-ბი-სი ბანკის შემთხვევაშიც. პოპულარობით სარგებლობს ენერგოეფექტური სესხებიც.

„ბოლო ორი წლის განმავობაში თიბისი ბანკმა ჩაატარა ადგილობრივი ბაზრის კვლევა, რათა შეგვემუშავებინა ქართულ რელობაზე მორგებული მწვანე სტანდარტები, რომელიც გვეხმარება განვსაზღვროთ და დავაიდენტიფიციროთ მწვანე ბიზნეს აქმიანობები. შესაბამისად, ხელი შევუწყოთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.  დღესდღეობით თიბისი ბანკს ყველაზე დიდი მწვანე სესხების პორტფელი აქვს. განახლებადი ენერგიების დაფინანსების პროექტის ნომერ პირველი პარტნიორები ვართ. ამ მიმართულებით მოთხოვნა მოდის განახლებადი ენერგიების სექტორზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენერგოეფექტურობაც.

ამასთან, თი-ბი-სი ბანკმა მოიპოვა მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქვს წვდომა დიდ ფინანსურ რესურსზე, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავაფინანსოთ მწვანე ინიციატივები“,- განმარტავს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის უფროსი მენეჯერი, ანა სარალიძე.

არსებული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ბევრია გამოწვევაც. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მცირე სიდიდის საწარმოებისთვის გრძელვადიანი სესხების სიმწირეა, ეს კი ძლიერ გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, რომ ინვესტირება სუფთა წარმოების, ენერგო ეფექტურობის და მდგრადი განვითარების პროექტებში განახორციელონ. მოთხოვნის მხარეს კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანდ პრობლემად საკითხის მიმართ ცნობიერების დაბალი დონე სახელდება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემების თანახმად, გლობალურად სავარაუდოდ 33 მილიარდის ღირებულების მწვანე სესხებია გაცემული, საიდანაც განვითარებად ქვეყნებზე მხოლოდ 1.6 მილიარდი დოლარი მოდის.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები