ფინანსები
17/08/2021

პანდემიამ სალიზინგო კომპანიების პორტფელი 24%-ით შეამცირა

პანდემიური 2020 წელი სალიზინგო ბაზრისთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა სექტორისთვის, არ იყო სახარბიელო. ბაზარზე მოქმედმა ორმა ძირითადმა კომპანიამ „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ და „თიბისი ლიზინგმა“ წელი ₾7.1 მლნ-იანი ზარალით დაასრულეს.

საქართველოს სალიზინგო კომპანიის სექტორის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბაზრის მოცულობა 2020 წელს 13%-ით, 414 მლნ ლარამდე შემცირდა, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, ტურიზმის შეჩერებამ, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე და სალიზინგო პორტფელის მოცულობა დოლარში გაცილებით უფრო მეტად, წლიურად 24%-ით, 126.3 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სექტორის მნიშვნელოვანი ზრდისა (2010-20 წლებში საშუალოდ 24%-იანი ზრდა), მშპ-სთან მიმართებით, სალიზინგო სექტორის ჯამური პორტფელის წილი კვლავ საკმაოდ დაბალია და 2020 წელს მხოლოდ 1%-ია (2019 წელს 1.1%, 2018 წელს 0.9%, 2017 წელს კი 0.6%).

„ჯამური სალიზინგო პორტფელის მშპ-სთან ფარდობით, საქართველო უსწრებს მეზობელ თურქეთსა (0.4%) და უკრაინას (0.5%), თუმცა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით, სალიზინგო პორტფელის წილი მშპ-ში ესტონეთში 4.2%-ია, ლიეტუვაში 3.8%, პოლონეთში 3.4%, ლატვიასა და სლოვაკეთში კი 2.8% და 3.0%“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

იქვე მითითებულია, რომ სალიზინგო სექტორის მცირე ზომის გათვალისწინებით, საქართველოში არსებობს სექტორის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი.

2021 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს სალიზინგო ბაზრის 73%-ს თიბისი ლიზინგი აკონტროლებს, 27%-ს კი საქართველოს სალიზინგო კომპანია. ბაზრის ერთ-ერთმა მოთამაშემ ალიანს ჯგუფი ლიზინგმა 2020 წლის პირველი კვარტლიდან შეწყვიტა ბაზარზე ოპერირება (ჯგუფი საშუალოდ ბაზრის 3%-მდე იკავებდა 2014-19 წლებში).

პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოს სალიზიგო კომპანიის პორტფელი 56.6%-ით არის გაზრდილი, თი-ბი-სი ლიზინგის 28.2%-ით. პანდემიამ ორივე კომპანიის პორტფელზე იქონია უარყოფითი გავლენა, საქართველოს სალიზინგო კომპანიის პორტფელი წლიურად 24%-ით შემცირდა, თი-ბი-სი ლიზინგის პორტფელი კი 7%-ით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები