ფინანსები
05/01/2021

პანდემიის მიუხედავად ოქროს მონეტებსა და ზოდებზე მაღალი მოთხოვნაა

პანდემიის მიუხედავად ეროვნული ბანკის ოქროს მონეტებსა და ზოდებზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა.

2020 წელს, სებ-მა 283 ცალი ოქროს ზოდი და 287 ოქროს საინვესტიციო მონეტა გაყიდა, სულ 12 ერთეულით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს. ოქროს მონეტებსა და ზოდებში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა უცნობია.

ყველაზე მაღალი მოთხოვნა მარტში იყო. ქვეყანაში შეზღუდვების გამოცხადებამდე 185 ოქროს ზოდი გაიყიდა, მათ შორის, 53 ერთეული 20 გრამიანი იყო, 132 ცალი 1-1 უნციას იწონიდა.

მარტში გაიყიდა ყველაზე მეტი ოქროს მონეტაც - 112 ერთეული, მათ შორის, 4 ცალი 1000 ლარის ნომინალის, 35 ცალი 300 ლარის ნომინალის, ხოლო 56 ცალი 100 ლარის ნომინალის.

აღსანიშნავია, რომ დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა 28 დეკემბერს გამოშვებული მეფე ერეკლე II-ს საკოლექციო ოქროს მონეტებზე. 300 ცალი მონეტა რეალიზაციის დაწყებიდან მალევე გაიყიდა. თითოს ფასი 1650 ლარი იყო.

5 იანვრის მონაცემებით, 1000 ლარის ნომინალის, 10 უნცია ოქროს მონეტა 67 389.01 ლარი ღირს, 10 ლარის ნომინალის - 738.07 ლარი, 25 ლარის ნომინალის - 1845.18 ლარი, 50 ლარის ნომინალის - 3690.35 ლარი, 100 ლარის ნომინალის - 7059.8 ლარი, 300 ლარის ნომინალის - 33 694.51 ლარი.

1 უნციის წონის ოქროს ზოდის ფასი 6430 ლარია, 20 გრამიანის - 4135 ლარი.

 

 

Businesspartner