ფინანსები
09/09/2022

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში დაამტკიცა

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

"მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური.  ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი - გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას, იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე.

"ინფლაცია არის მაღალი. ძალიან ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და აბსოლუტურად მესმის, რომ ინფლაცია მძიმე ტვირთია მომხმარებლებისთვის. მაგრამ მსურს მათაც ავუხსნა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს, გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ. ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში დღეს გლობალური ინფლაცია ყველაზე მთავარ გამოწვევად მოიაზრება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ჩვენც ამ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს ფინანსური ბაზრის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. "ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ამავდროულად, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებად სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთი ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც არა კომერციულ ინტერესებს, არამედ  მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. 2021 წლის განმავლობაში გავაგრძელეთ ღია ბანკინგის საკითხებზე აქტიური მუშაობა. ღია ბანკინგის დანერგვის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 2021 წლის 31 მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა კომერციულ ბანკებს შორის ღია ბანკინგით ინფორმაციის მიმოცვლა", -  აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა: "ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. წარმატებული საქმიანობის, ეფექტიანი პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს არაერთი ჯილდო გადაეცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. "საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში. "ეს შეფასებები და ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური და გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადია, საქართველოს ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

"ეჭვგარეშეა, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული წელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიმუშავეთ რეფორმებზეც, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და ყველა მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სებ-ის კვალიფიციურ გუნდს. დამერწმუნეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ საზოგადოებას ბოლო პერიოდის შოკების შედეგად მიღებული მაღალი ინფლაციის ტვირთი  შევუმსუბუქოთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner