ფინანსები
06/08/2021

რა შემთხვევაში შეგიწყდებათ იპოთეკის სუბსიდირება - რას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამა

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა ძალაში 1 სექტემბრიდან შედის, - პირობები მთავრობის დადგენილებით უკვე განსაზღვრულია.

პროგრამის მიზანი მრავალშვილიანი ან იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ ახალშეძენილი შვილი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების გზით. ასევე, პროგრამის მიზანია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება.

კრედიტი მხოლოდ ლარში გაიცემა.

სესხი დაუსუბსიდირდება ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს:

თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი

თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით

თუ სესხის აღების მომენტში ყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

როგორია პროცედურა

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მსესხებელი, პროგრამის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს, რომელიც ამოწმებს მსესხებლის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან. ბანკი უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ ან/და მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული

3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 1 ან 2 შვილი,
1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი.

სუბსიდირების მანძილზე სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხის ოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია ეროვნული ბანკის დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ სუბსიდირება ხორციელდება იმ დრომდე სანამ დარიცხული რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ შეწყვეტილი სუბსიდირება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, სუბსიდირების დარჩენილი ვადით.

დადგენილებით ასევე განსაზღვრულია პროგრამაში მონაწილეობის პირობები.

იპოთეკური სუბსიდირების შეწყვეტის პირობები

პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისას;

პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის სააღსრულებო ფურცლის მიღებისას;

პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია/ რეფინანსირებისას;

იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისას;

სესხის ხელშეკრულების კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები