ფინანსები
17/06/2022

რას შეცვლის აშშ-ის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება საქართველოსა და მსოფლიოში?

ფედერალური ფონდების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით ზრდას და მის როგორც საერთაშორისო ეფექტებს, ისე საქართველოზე გავლენას  „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური აფასებს.

მისი განცხადებით,რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და მიმდინარე ომმა მსოფლიო ახალი, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ისედაც შეფერხებული იყო, დამატებით შეასუსტა.

ამავდროულად, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც, მათ შორის, რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვას ზღუდავს, გლობალურად საწვავის ფასს აძვირებს.

გონდაურის შეფასებით, ამ მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე მომატებულმა ფასებმა ინფლაცია გლობალურად მკვეთრად გაზარდა. მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

„შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინებისა და გაზრდილი ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ბოლო თვეებია გამკაცრებულ დონეზე ინარჩუნებს (11%). რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, აშშ-ს მთავრობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აგრძელებს. ინფლაციის წლიური დონე საკმაოდ გაიზარდა და მაისში 8.6% შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის მოლოდინების პასუხად, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით გაზარდა,”-აცხადებს გონდაური.

კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ ფედერალური ფონდების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით გაზარდით და რა საერთაშორისო ეფექტები მოყვება მას, გონდაური აღნიშნავს, რომ ზოგადად, ფედერალური ფონდების დაბალი განაკვეთი უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტიციებს განვითარებად ქვეყნებში.

მისი განმარტებით, ფედერალური ფონდების მაღალი განაკვეთი ნაკლებად მიმზიდველს ხდის ინვესტიციებს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.

„2009 წლიდან მოყოლებული ფედერალური ფონდების ძალიან დაბალი განაკვეთის ხანგრძლივმა პერიოდმა განაპირობა ინვესტიციების ზრდა განვითარებად ქვეყნებში. როდესაც შეერთებულმა შტატებმა 2015 წლის ბოლოს დაიწყო უფრო მაღალი მაჩვენებლის დაბრუნება, ინვესტიციები შეერთებულ შტატებში უფრო მიმზიდველი გახდა და განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების ტემპმა დაიწყო ვარდნა. განაკვეთის ცვლილება ასევე იმოქმედებს ვალუტის კურსზე, უფრო მაღალი კურსი ზრდის აშშ დოლარის ღირებულებას და ამცირებს აშშ-ს სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების კურსს,“-აცხადებს გონდაური.

რაც შეეხება იმას,თუ რა გავლენა ექნება ცენტრალური სარეზერვო ფონდის გადაწყვეტილებას საქართველოზე, გონდაური აღნიშნავს, რომ საქართველოში, მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო. აპრილის თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა. გამომდინარე აქედან, შესაძლოა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 ივნისს ჩანიშნლ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი რამდენიმე პუნქტით გაზარდოს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ივნისის თვის ინფლაციაა მაისთან შედარებით მზარდი იქნება.

რაც შეეხება ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრას როგორც მიმდინარე, ასევე საპროგნოზო ჰორიზონტზე,გონდაური აღნიშნავს, რომ  მას კვლავ, უმეტესწილად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი, მიწოდების ფაქტორები განაპირობებს.

„კერძოდ, საომარი კონფლიქტის დაწყების შედეგად, რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა წნეხი საერთაშორისოდ ვაჭრობად ისეთი სასაქონლო პროდუქციის ფასებზე, როგორიცაა ნავთობპროდუქტები და საკვები ნედლეული, ვინაიდან უკრაინა და რუსეთი მათი ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებლები იყვნენ მსოფლიო ბაზარზე. აღნიშნულს თან ერთვის ჩვენს რეგიონში ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელოვანი გაძვირება, რაც გადაზიდვების გართულებით არის განპირობებული. მოსალოდნელია, რომ საომარი მდგომარეობის განმავლობაში, ჩვენთან საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების გაძვირების წნეხი შენარჩუნდება. აღნიშნული ფაქტორები, თავის მხრივ, მწარმოებლებს ფასების მატებისკენ უბიძგებთ. ასევე, ზემოხსენებული ფაქტორები ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს. ამის საპირისპიროდ, ლარის გაცვლითი კურსის გამყარება როგორც ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, ასევე დოლართან მიმართებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას დაეხმარება. კერძოდ, გამყარებული გაცვლითი კურსი პირდაპირი იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური იმპორტული ხარჯების არხით ინფლაციას შემცირებისკენ უბიძგებს,”-აცხადებს გონდაური.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) მონეტარული პოლიტიკა 0.75 პუნქტით გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 0.75 პუნქტით ნახტომისებური ზრდა 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები