ფინანსები
19/07/2021

"რეფინანსირების განაკვეთის ზრდის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას არც გამორიცხავს.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ყველაფერი პანდემიაზე და მისგან გამოწვეულ ბუნდოვან პროგნოზებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად გავაკეთეთ ანალიზი, რა იქნებოდა ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების დოლარში გამოხატული ფასები რომ შარშანდელ ნიშნულზე დარჩენილიყო. ეს ის ფასებია, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. ანალიზმა გვაჩვენა, რომ საქართველოში დღეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია მიწოდების ფაქტორებით და მიჩნეულია, რომ ეს აუცილებლად გაივლის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიას თან ახლავს გაურკვევლობა, ყოველთვის შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც პროგნოზს არ გაამართლებს. შეიძლება, საპირისპირო მიმართულებითაც შეცვალოს. რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ძლიერდება ისეთი ფაქტორები, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ინფლაცია მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ გავამკაცროთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი. თუმცა, ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება თავისი საფუძველი. დღეს ვერ ვხედავ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდის აუცილებლობას. თუმცა, გაურკვევლობიდან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად ვიქნებით ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გვენეტაძემ.

Businesspartner