ფინანსები
14/09/2020

როგორ იქცა სახელმწიფო კერძო საპენსიო კომპანიებისთვის კონკურენტად

სახელმწიფო საპენსიო ფონდის დაფუძნებამ კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას ხელი შეუშალა, ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა ასევე საგადასახადო ხელშეწყობის არარსებობა, - ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“  სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო საპენსიო ფონდს მთავრობისგან იმხელა ხელშეწყობა აქვს, დანარჩენი საპენსიო ფონდების არსებობა ფაქტობრივად აზრს მოკლებულია. მისი თქმით, ამ დროისთვის კერძო საპენსიო ბაზარზე 2 სადაზღვევო კომპანია („ჯიპიაი ჰოლდნგი“ და „ალდაგი“) ოპერირებს.

„როდესაც კერძო საპენსიო დაგროვების შესახებ კანონი 1998 წელს შემოიღეს, ვამბობდით, რომ არ იმუშავებდა, თუ არ იქნებოდა საგადასახადო ხელშწყობა. ისევე როგორც ეს მთელს მსოფლიოშია. ასეც მოხდა. კერძო საპენსიო მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

კითხვაზე, თუ დაიხურება კერძო საპენსიო ფონდები, როგორ მოხდება ვალდებულებების გასტუმრება, ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ამას კომპანიები გაისტუმრებენ.

როგორც ხეჩინაშვილი აცხადებს, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის შედეგადაც შეიქმნება კერძო, ნებაყოფლობითი რეჟიმი, სადაც თავს მოიყრის საპენსიო შენატანები.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კერძო საპენსიო დაზღვევას ახორციელებს 3 არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (მათ შორის 2 სადაზღვევო ორგანიზაცია).

საპენსიო ხელშეკრულებების მიხედვით მონაწილეთა რაოდენობა:

  • 2020 წლის 30 ივნისისთვის - 15,880
  • 2019 წლის 30 ივნისისთვის - 16,046
  • 2018 წლის 30 ივნისისთვის - 22,333

საპენსიო სქემაში განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა:

  • 2020 წლის 6 თვეში - 2,282,120
  • 2019 წლის 6 თვეში - 1,987,042
  • 2018 წლის 6 თვეში - 3,210,310

საპენსიო ფონდების ჯამური მოცულობა:

  • 2020 წლის 30 ივნისისთვის - 19,428,171
  • 2019 წლის 30 ივნისისთვის - 16,307,932
  • 2018 წლის 30 ივნისისთვის - 26,250,507

 

 

Businesspartner