ფინანსები
13/08/2020

საფონდო ბირჟაზე “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა

საქართველოს საფონდო ბირჟას ახალი ემიტენტი ჰყავს. თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები ბირჟაზე უკვე დაილისტა.

B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) საქართველოს საფონდო ბირჟის B  კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაშია დაშვებული. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB.

ბირჟაზე 54,476,929 აქცია დაილისტა, თითოს ნომინალი 1 ლარია.  კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია, რომლის 1 აქცია უდრის 15 ხმას და მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევაში. 

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 2017 წელს დაარსდა და თავდაპირველად მოიცავდა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორიას“ მართვას. 2017-19 წლებში კომპანიამ იჯარით აიღო 4 სასტუმრო: „ბიზნეს ლეჯენდი“, „ინტურისტი“, „მეტრო სქაი თაუერი“ და აპარტამენტები ეიფორიაში. ამჟამად  კომპანია ასევე მართავს „სითი ჰოტელ ბათუმს“.

კომპანიის 100% ეკუთვნის „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგს“. მისი მაჟორიტარი აქციონერია „გალიფ ოზთურქ ტურიზმ იათირიმლარი“, რომელიც თავის მხრივ გალიფ ოზთურს ეკუთვნის.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, „ეიფორია ბათუმი“ 2019 წლის მონაცემებით, ფლობს 87.57 მლნ ლარის აქტივებს. შემოსავალი 2019 წელს 27 მლნ ლარს შეადგენდა, საოპერაციო მოგება 2.99 მლნ ლარი იყო, საოპერაციო მოგების მარჟა 11.1%/ წმინდა მოგება 2.55 მლნ ლარი (2018 წელს - 2.13 მლნ).

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები