ფინანსები
19/09/2020

საფონდო ბირჟაზე "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციებზე ვაჭრობა დაიწყო

საფონდო ბირჟაზე „მეტრო ეიფორიას“ აქციებზე ვაჭრობა დაიწყო.

17 სექტემბერს ბირჟაზე სასტუმროების მფლობელი და მმართველი კომპანიის 1100 აქცია გაიყიდა. 3 გარიგებაზე მინიმალური ფასი 6.05 ლარი, მაქსიმალური კი, 7 ლარი იყო. დახურვის ფასმა 7 ლარი შეადგინა.

"მეტრო ეიფორიას" აქციებზე ამ დროისათვის სულ 5 გარიგებაა დადებული, ჯამური ღირებულებით 21 875 ლარი.

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2020 წლის აგვისტოში დაილისტა.

B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაშია დაშვებული. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB.
ბირჟაზე 54,476,929 აქციაა დალისტული, თითოს ნომინალი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია, რომლის 1 აქცია უდრის 15 ხმას და მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევაში.

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 2017 წელს დაარსდა და თავდაპირველად მოიცავდა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორიას“ მართვას. 2017-19 წლებში კომპანიამ იჯარით აიღო 4 სასტუმრო: „ბიზნეს ლეჯენდი“, „ინტურისტი“, „მეტრო სქაი თაუერი“ და აპარტამენტები "ეიფორიაში". კომპანია ასევე მართავს „სითი ჰოტელ ბათუმს“.

კომპანიის 100% ეკუთვნის „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგს“. მისი მაჟორიტარი აქციონერია „გალიფ ოზთურქ ტურიზმ იათირიმლარი“, რომელიც თავის მხრივ გალიფ ოზთურს ეკუთვნის.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, „ეიფორია ბათუმი“ 2019 წლის მონაცემებით, ფლობს 87.57 მლნ ლარის აქტივებს. შემოსავალი 2019 წელს 27 მლნ ლარს შეადგენდა, საოპერაციო მოგება 2.99 მლნ ლარი იყო, საოპერაციო მოგების მარჟა 11.1%/ წმინდა მოგება 2.55 მლნ ლარი (2018 წელს - 2.13 მლნ).

 

 

Businesspartner