ფინანსები
16/03/2023

საქართველოში სადაზღვევო ბროკერის ინსტიტუტი დაბალი ტემპებით ვითარდება

საქართველოში სადაზღვევო ბროკერის ინსტიტუტი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება იმ დროს, როცა განვითარებული სადაზღვევო სფეროს მქონე ქვეყნებში ეს დარგი ბროკერების გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  საუბარში „სადაზღვევო საბროკერო IG“ -ს დირექტორმა გიორგი კანკიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ამ სფერომ საქართველოში ბოლო 10 წელში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

„თუ 2013 წელს ბროკერისთვის შესაძლოა სატელეფონო ზარისა და შეთავაზების გაკეთებისთვის ეჩივლათ, ამჟამად ამ კუთხით ცნობადობა გაიზარდა და IG-ის შემთხვევაში საბროკერო მომსახურებით წელიწადში 150-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.  თუმცა, ჯერ ბაზარი შორსაა იმ მდგომარეობიდან, რომ კომპანიები საბროკერო მომსახურებებს მასობრივად ყიდულობენ,“ - აღნიშნა გიორგი კანკიამ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ისევ ის პრაქტიკაა დამკვიდრებული, როცა კომპანიების „ეიჩარები“  თავად სწავლობენ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის წინადადებებს და თავადვე ადარებენ მათ ერთმანეთს.

საბროკერო კომპანიის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში კი ისინი დაზოგავენ დროს და ბაზარზე საკუეთესო შეთავაზების შერჩევას პროფესიონალებს მიანდობენ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთის მხრიდან საბროკერო კომპანიისთვის დამატებითი თანხების გადახდა საჭირო არაა, რადგან ტარიფში ისედაც ჩადებულია გაყიდვის საკომისიო და, რა არხითაც უნდა გაიყიდოს პროდუქტი, მისი გადახდა დაზღვევის მსურველს ნებისმიერ შემთხვევაში უწევს.

„კომპანიის“ეიჩარს“ ამ საკითხთან შეხება წელიწადში ერთხელ აქვს. ჩვენ კი სადაზღვევო შეთავაზებებს თვალს მთელი წლის განმავლობაში ვადევნებთ.

ამიტომ უკეთ ვფლობთ ინფორმაციას სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებების შესახებ. იმის ერთერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაა საბროკერო მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა, არსებული დამოკიდებულებებია - ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ ბროკერის მომსახურება აძვირებს პროდუქტს, რაც ასე არაა. პირიქით - ბროკერი დროს უზოგავს კომპანიას და სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას მისი ინტერესის დამცველია,“ - აღნიშნავს კანკია და ამბობს, რომ შემთხვევების 90%-ში საბროკერო კომპანია თავად უკავშირდება მომხმარებელს და არა - პირიქით, როგორც განვითარებული სადაზღვევო სექტორის მქონე ქვეყნებშია.

მისივე თქმით, საბროკერო საქმიანობის განვითარებას ბიძგს მისცემს ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, რომელიც, სავარაუდოდ, წელს შევა ძალაში.

„დაზღვევის რაც უფრო მეტი სავალდებულო სახეობა იქნება, მით მეტად განვითარდება საბროკერო საქმიანობა და ზოგადად, დაზღვევის კულტურა. ადამიანები თანდათანობით აცნობიერებენ,  რომ დაზღვევის შეძენა წყალში გადაყრილი ფული არაა, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევა არ დადგეს,“ - აღნიშნა გიორგი კანკიამ.

„სადაზღვევო საბროკერო IG“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო რისკების დეტალურ შეფასებას - აუდიტს; სატენდერო დოკუმენტაციის და სატენდერო მოთხოვნების ჩამოყალიბებას; ტენდერის ჩატარებას, შემოთავაზებების და საკონტრაქტო პირობების შეგროვებას;

თანამშრომლების ინფორმირებას და საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებას; საკითხების მოგვარებას.

ცნობისთვის: დღეს ქართულ ბაზარზე 20 სადაზღვევო ბროკერი ოპერირებს. მათი საქმიანობა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რეგულაციის ქვეშაა.

 

 

Businesspartner