ფინანსები
29/08/2022

საპენსიო სააგენტო: განახლება დასრულდა, ყველა სერვისი და ინფორმაცია ხელმისაწვდომია

საპენსიო სააგენტოში ყველა სერვისი და ინფორმაცია კვლავინდებურად ხელმისაწვდომია. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს IT ინფრასტურქტურის განახლებას.

"როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია,"-აღნიშნავენ სააგენტოში. 

როგორც იცით, ბოლო 1-2 დღეა „მობაილ ბანკში“ საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაცია აღარ ჩანდა. 

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა.

ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით კი, ივლისის თვის მდგომარეობით 2 267-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი.

Businesspartner