ფინანსები
08/12/2021

სავალუტო იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული იპოთეკების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, დოლარში გაცემული იპოთეკების ზრდის ტემპი შემცირდება, თუმცა მსესხებლების დიდი ნაწილი ისევ გააგრძელებს სესხის აღებას ლარში.

მისი თქმით, იპოთეკების პორტფელი არ შემცირდება, მისი ხარისხი კი, გაუმჯობესდება. 

"საკრედიტო პორტფელის მაღალი დოლარიზაცია მსესხებლების და მთლიანობაში ფინანსური სისტემის ვადების ძირითად რისკად რჩება. აქედან გამომდინარე უცხოური ვალუტით დაკრედიტების დაჩქარება კიდევ უფრო მეტ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს გამოიკვეთა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული იპოთეკების ზრდაში, რომელიც ამ ტემპის შენარჩუნების პირობებში, წლიურად, ვფიქრობთ, 10 %-ს მიაღწევს.

ჩვენ რომ შევხედოთ სტატისტიკას, იმ რესტრუქტურიზებული სესხების, რომელიც პანდემიის შემდეგ მოხდა, ყველაზე დიდი წილი, 30% მოდის ევროში გაცემულ სესხებზე, 20% მოდის დოლარში გაცემულ სესხებზე, ხოლო ყველაზე დაბალი, დაახლოებით 8% მოდის ლარში გაცემულ სესხებზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რა დიდ რისკებს შეიცავს განსაკუთრებით არაჰეჯირებული მსესხებლებისათვის უცხოურ ვალუტაში სესხების აღება. ეს სესხები ხშირ შემთხვევაში უმოქმედო სესხებადაც გადაიქცევა ხოლმე, რაც კარგი არ არის საბანკო სისტემისათვის. დაახლოებით იგივე სიტუაციაა იპოთეკურ სესხებში. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული იპოთეკების მაქსიმალური ვადიანობის შემცირების შემდეგ, ვფიქრობთ, დოლარში გაცემული იპოთეკების ზრდის ტემპი შემცირდება, თუმცა, მსესხებლების დიდი ნაწილი კვლავ გააგრძელებს სესხების აღებას, უბრალოდ ეს სესხები ჩანაცვლდება ლარით, რომელსაც გაცილებით ნაკლები მოწყვლადობა ექნება. შედეგად, ჯამურად იპოთეკურად დაკრედიტება მნიშვნელოვნად არ შემცირდება. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მაქსიმალური ვადიანობის შემცირება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შესაძლებლობა იქნება, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, დაგრძელვადიანდეს სესხები და ამ დაგრძელვადიანობის პოლიტიკამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიმდინარე პანდემიის დროს. ამავე დროს ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს, ამავე დროს წაახალისებს დედოლარიზაციას. ასე, რომ საერთო ჯამში ვფიქრობთ, იპოთეკების პორტფელი არ შემცირდება, მაგრამ მისი ხარისხი გაუმჯობესდება. ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება იმისათვის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

 

Businesspartner