ფინანსები
04/08/2021

საზოგადოება და ბანკები: 140100 მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება

140100 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება, - არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 

როგორც ცნობილია, ეროცნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა. როგორც "საზოგადოება და ბანკები"აღნიშნავს, დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7.825 მლრდ ლარის სესხია გაცემული.

1 ივნისიდან 1 ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6800 ხელშეკრულებით, მთლიანი პორტფელი - 7.677 მლრდ-დან 7.825 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 60300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2868.1 მილიონი ლარია.

1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.3%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 21.72%.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. მეორე მხრივ, 6 თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 12.7 %-ია, რაც შიდა ერთობლივი მოთხოვნის საკმაოდ გააქტიურენაზე მიუთითებს, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. ასევე არსებული ფისკალური სტიმულიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან.

Businesspartner