ფინანსები
30/01/2023

სებ-ი Bmatch-ზე თვეში 100-100 მლნ-ს ყიდულობს

სებ-ს მე-4 თვეა სავალუტო აუქციონი აღარ გაუმართავს. მას შემდეგ რაც აგვისტო -სექტემბერში აუქციონზე $70 მილიონი შეისყიდა ($1/2.71₾ და $1/2.75 ₾ კურსით) და $46 მლნ გაყიდა ($1/2,8983 ₾ & $1/8445 ₾ კურსით). სულ, $60 მილიონი გამოიტანა. თუმცა ბაზარმა სრულად არ აითვისა. ზოგს ეძვირა, ზოგიერთ ბანკს კი საკმარისი ლიკვიდობა ჰქონდა და არ დასჭირდა.

$46 მილიონიანი ტრანზაქციით (ვალუტის გაყიდვა) სებ-მა მაშინ მიმოქცევიდან 100 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო, რაც არაპირდაპირ ლარის გამყარებას ახალისებს. შემოდგომიდან მოყოლებული კი მიმოქცევაში უშვებს და უშვებს ლარს (ვალუტის ყიდვა).

ბოლო 4 თვეა (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი) სებ-ი აქტიურად ვაჭრობს ბლუმბერგის Bmatch  პლატფორმაზე. ყოველ თვე $100 მლნ ფარგლებში ყიდულობს.

10/2022

$ 99 400 000

11/2022

$ 110 550 000

12/2022

$ 91 400 000

წყარო: სებ-ი

ბლუმბერგზე, იანვრიდან ლარი, აშშ დოლართან 2.5%-ით გამყარებულია და კურსის ნიშნული ორშაბათს იყო წლის მინიმუმზე $1-2,63 ₾, ვიდრე სებ-მა სამშაბათის ოფიციალური კურსი არ გამოაცხადა $1-2.64 ₾ (ყველაზე მაღალი, 3.45, გაზაფხულზე იყო)

სებ-ის ინტერაქტიულ ცხრილში მხოლოდ ბაზრისთვის სავალუტო ოპერაციებით 440 მლნ ლარის ლიკვიდობის მიწოდებაზეა მონაცემები, რომელიც Bmatch-ის გარდა სხვა კომპონენტებსაც მოიცავს, და შესაბამისად აღნიშნული თანხის დოლარში ექვივალენტი, სებ-ის გაყიდვების ზუსტ მოცულობაზ ვერ გაგვიყვანს.

** როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია (მოთხოვნა-მიწოდებით დგინდება), შოკების ავტომატურად შთანთქმის უნარით და მისი უპირატესობა განსაკუთრებით იკვეთება მცირე და ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის, რომლის საქონლის და მომსახურების საგარეო ვაჭრობა მშპ-ს 100%-ზე მეტია.

მისი მოკლევადიანი დინამიკა მოლოდინებზეა დამოკიდებული. საშუალო და გრძელვადიანს კი განსაზღვრავს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები (იმპორტის, ექსპორტის, ფულადი გზავნილების, მიგრანტთა ხარჯვის დინამიკა...)

ფიქსირებული ან მართვადი კურსისას რისკები გროვდება, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში უფრო სტაბილურია. თუმცა ნებისმიერი შოკისას (საგარეო, საშინაო), 1 დღის გაუფასურება, შესაძლოა გაცდეს იმ ქვეყნის 1 წლის გაუფასურების მასშტაბს, სადაც მცურავი კურსია.

BMatch პლატფორმის კურსი საბაზროსთან ყველაზე  მიახლოებულია და იქ, სებ-ის ყოფნა, ბაზრის არევისას, მის ჩარევას ემსახურება. ცენტრალური ბანკი ბანკთაშორის ვაჭრობაში ერთვება მაშინ, როცა კურსი ($/₾) იწყებს რყევას, გაუფასურების ან გამყარების მიმართულებით. თუ გაუფასურებისკენ ირყევა, სებ-ი აშშ დოლარს ყიდის, თუ ლარის გამყარებისკენ, მაშინ ყიდულობს.

სებ-ის ინფორმაციით, ის სავალუტო ბაზარზე ისე ერევა (როცა აწონასწორებს,ჭარბ მერყეობას ამცირებს) რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.

სიჭარბე კი აღინიშნება მაშინ, როცა ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა.

ამასთან სავალუტო ინტერვენციების გავლენა ასიმეტრიულია. ინტერვენცია უფრო ჭრის, როცა ლარი მყარია.  (ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს)

Businesspartner