ფინანსები
29/04/2022

სებ-ი ფულის ბეჭდვას არ უარყოფს

ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილს 4-ჯერ გადააჭარბებს თუ 5-ჯერ (მაგ: შარშან 2.5%-ის ნაცვლად 9.3% იყო); ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზრდება თუ 1.5-ჯერ; ომი დამთავრდება თუ  გაგრძელდება, რუსეთს სანქციები ოდესმე მოეხსნება თუ არა ; ტურიზმი აღდგება,  თუ  სექტორის ბიუჯეტს, რუსეთის აგრესიას საქართველოში შეფარებული რუსების და უკრაინელების დანახარჯები შეავსებს; - ამ გაურკვევლობაში ბევრი მიზეზია ინფლაციის ზრდის წასახალისებელი, მათ შორის მიწოდების ჯაჭვის მოშლა, რაც ფასების გარდაუვალ ზრდას განაპირობებს...

თუმცა ეკონომისტების ნაწილი ინფლაციის ზრდის მხოლოდ ერთ მიზეზს ხედავს, - სებ-ი ბეჭდავს ფულს და არ აძლევს ინფლაციას ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირების საშუალებას. ლარი უფასურდება თუ დოლარი, პურის ფასი იზრდება თუ შაქარია დეფიციტშია, მხოლოდ იმიტომ, რომ სებ-ი ლარის ახალ კუპიურებს მიმოქცევაში უშვებს.

ასე მიაჩნია ეკონომისტ ოთარ აბესაძეს, რომელსაც ბანკომატმა 2021 წელს  დაბეჭდილი  100 ლარიანი გაუნაღდა, -  "დღეს გამოვიტანე ბანკომატიდან ქეში... ფულის დაბეჭდვის თარიღს დააკვირდით... ახალი ლარები იბეჭდებაააა“, - აბესაძე სებ-ის  ახლადემიტირებული 2.1 მლრდ -დან, 600 მლნ-ით შიდა საბიუჯეტო ვალდებულებების  მომსახურებაზე აცხადებს. ამბობს, რომ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების ნაცვლად M2 იზრდება.

"ბანკომატებში რომ ახალი ფულის ნიშნებია, ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია. მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ბანკნოტი დროთა განმავლობაში ცვდება, რის გამოც ხდება მიმოქცევისათვის უვარგისი, მოძველებული ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება და მათი ვარგისი, ახალი ფულის ნიშნებით ჩანაცვლება. უფრო ზოგადად კი, ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ - ანუ იმ სარეზერვო ფულის სანაცვლოდ, რომელიც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჰქონდათ. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ასე მუშაობენ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები", - სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, შალვა მხატრიშვილის  განმარტების აბესაძე არ იზიარებს.  მიაჩნია, რომ ჭარბი ფულია დაბეჭდილი, რომელიც ძველ კუპირებს კი არ ანაცვლებს, მასთან ერთად მიმოიქცევა. 

"რაც შეეხება იმას თუ რამდენადაა გაზრდილი ფულის მასა და რა განაპირობებს მას, სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას. რაც შეეხება ფართო ფულად აგრეგატ M2-ს, ანუ ფულის მასის იმ საზომს, რომელიც დეპოზიტების მოცულობასაც უყურებს, ამ საზომით ფართო ფულის მასა მართლაც გაზრდილია. თუმცა, როგორც არაერთხელ განგვიმარტავს სხვადასხვა ფორმით, აღნიშნული ფართო ფულის მასის ზრდა ხდება, უმეტესწილად, საბანკო სესხების შედეგად. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ბერკეტი იმისათვის, რომ ფულის მასის ზრდა შეანელოს მხოლოდ ისაა, რომ საბანკო სესხების გაცემა შეანელოს. ეროვნული ბანკი ამას აკეთებს კიდეც. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ სესხების გაძვირების პოლიტიკას ხშირად ზუსტად ის ექსპერტები აკრიტიკებენ, ვინც ამავდროულად ფულის მასის შეზღუდვას ითხოვს", - ეხმაურება აბესაძეს მხატრიშვილი სოციალურ ქსელში. 

 

Businesspartner