ფინანსები
12/05/2022

სებ-ის სავალუტო რეგულაცია ლარზე მოქმედებს

დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპი ნარჩუნდება. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, მარტში, დეკემბერთან შედარებით, ზრდა არ შენელებულა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, +18% -ია (Y.Y).

ფიზიკური პირების დაკრედიტება 2 %პ-ით, 20.5%-მდეა გაზრდილი, ბიზნესდაკრედიტება კი 2.4 %პ-ით, 15.5%-მდე შემცირებული.

 

II კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები მოთხოვნის მცირედით ზრდას ელიან. როგორც იცით, სებ-ი დაკრედიტების 10-15% (Y.Y)-ზე მეტით ზრდაში რისკებს ხედავს.

ომის კრიზისის  გამოწვევების გათვალისწინებით, მკაცრის მონეტარული პოლიტიკა (განაკვეთი 11%) დაკრედიტების მოთოკვას ემსახურება. თუმცა ძირითადად ლარის სესხები ითოკება, რადგან ძვირდება. მპ ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ ლარის გაძვირების პირობებში,  სავალუტო სესხებზე მოთხოვნის გაზრდას სებ-იც მოელოდა.

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვისთვის მარეგულირებელმა ჯერ კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის, შემდეგ სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და  ბოლოს დაამატა PTI-ს 50%-დან 25%-მდე შემცირება, რაც მსესხებლისთვის მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს, თუმცა ძვირი ლარის პირობებში აღნიშნულმა პაკეტმა ჯერ მიზანი ვერ გაამართლა. მონეტარული პოლიტიკის მაისის ანგარიშით, მარტში სავალუტო  პორტფელის ზრდა დაჩქარდა და ლარის შენელდა. ეროვნული  ბანკი სავალუტო დაკრედიტების დაჩქარებისას არ გამორიცხავს სარეზერვო მოთხოვნის 30-40%-მდე გაზრდასაც (უცხოურ ვალუტაში მოთხოვნილ სახსრებზე). უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა პანდემიამდე, სებ-მა 30%-მდე გაიზარდა, თუმცა ამ ნორმას რეალურად არ უმოქმედია, რადგან მალევე იპოთეკის სუბსიდირების პირველი რაუნდის დაწყებამდე 25%-მდე შემცირდა.

სებ-ი შედეგებს მე-2 კვარტალში ელის. სავალუტო დაკრედიტების რეგულაციამ დედოლარიზაცია უნდა დააჩქაროს. შემოსავლის ზღვრის აწევამ  საცალო დაკრედიტებაც უნდა შეამციროს. სებ-ი ჭარბვალიანობის რისკებს ხედავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები