ფინანსები
17/03/2020

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

შოკისთვის კარგი დრო არასდროს არის, მაგრამ თუ შეიძლება მომზადებულად შეხვდე შოკს, ეს იყო ყველაზე კარგი დრო საქართველოს საბანკო სექტორისთვის, – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო სექტორის მდგრადობაზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

პაპუნა ლეჟავას თქმით, კაპიტალის ლიკვიდობის დონეები საკმაოდ მაღალია, მომგებიანობა ბოლო წლებში იყო საკმაოდ ძლიერი.

„რა თქმა უნდა, (კორონავირუსის გამო) შეიძლება გაიზარდოს უმოქმედო სესხების მოცულობა, მაგრამ ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს არ ველით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკში დღეს COVID-19-დან მომავალი შოკის ფონზე საკრედიტო პორტფელის ზრდის კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებენ. პაპუნა ლეჟავა ვარაუდობს, რომ ზრდის ტემპი 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ჩარჩო რეგულაცია გაამარტივა. თუმცა, ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება – სესხის მომსახურებამ მსესხებელს ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას. ახალი ცვლილებით საფინანსო ინსტიტუტს შეეძლება შიდა პროცედურებით განსაზღვროს კლიენტის შემოსავლის დადგენის წესი. სესხის მომსახურება დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა კი, 4-დან მცირდება 2-მდე – 1000 ლარამდე და 1000 ლარს ზემოთ.

Businesspartner