ფინანსები
22/09/2022

სებ-მა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პროექტი გამოაქვეყნა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი პროექტი გამოაქვეყნა.

ფინანსური განათლების მოქმედი სტრატეგია 2016 წელს შემუშავდა და საქართველოში მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნის პირველ პრეცედენტს წარმოადგენდა. დოკუმენტი ძირითადად საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა. სტრატეგია ხაზს უსვამდა ფინანსური განათლების მნიშვნელობას, ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავდა. განახლებული სტრატეგიის პროექტი კი ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და, შესაბამისად, ფინანსურ განათლების არსებულ გამოწვევებს უკეთ პასუხობს.

ფინანსური განათლების ახალი, ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების  ხელმისაწვდომობის გაზრდას: ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვა, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელება და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფა.

ამდენად, მნიშვნელოვანია, დაინტერესებული მხარეები საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი სტრატეგიის პროექტს  აქვეყნებს. პროექტის გაცნობა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შემოთავაზებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: fe@nbg.gov.ge

ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის: ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრირება, ფინანსური განათლების პირველი ვებპორტალის - "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) შექმნა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ფინანსური განათლების პროგრამების, ონლაინ და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალებისა და ვიდეორგოლების შემუშავება, ყოველწლიური ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების, კონკურსების, ვებინარებისა და ტრენინგების ჩატარება.

Businesspartner