ფინანსები
04/08/2021

სებ: სოლიდური მოგება კარგი წინაპირობაა ბანკებისთვის კაპიტალის ბუფერების დროულად შესავსებად

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, 2020 წელი საბანკო სისტემისათვის საკმაოდ რთული იყო. წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაც ძალიან დაბალია 2019 წელთან შედარებით, რა დროსაც მოგება 950 მლნ იყო. 

“გასული წელი საკმაოდ რთული იყო საბანკო სისტემისათვის. ამავე დროს პანდემიის დაწყებასთან ერთად ბანკებმა სესხების შესაძლო დანაკარგებისათვის წინასწარ 1.1 მლრდ ლარამდე მოცულობის საერთო რეზერვი გაატარეს. ამან მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ბანკების მომგებიანობაზე. წმინდა მოგებამ 2020 წლის ბოლოსთვის 100 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაც რა თქმა უნდა ძალიან დაბალია 2019 წელთან შედარებით“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

მისი ინფორმაციით, 2021 წლის 4 თვის მონაცემებით საბანკო სექტორის წმინდა მოგება 600 მლნ-მდე შეადგენს.  

“ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საბანკო სექტორს 2021 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების ხარჯი არ ჰქონია, რადგან ეს დიდი ხარჯი - 1.1 მლრდ უკვე გატარდა. წელს ეს ხარჯი გაცილებით ნაკლებია, რა თქმა უნდა ეს ახდენს გავლენას ამ მაჩვენებლებზე. 

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, 2020 წელს დაკარგული მოგების სრულად აღდგენას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება. მაგრამ ის, რომ საბანკო სისტემა აგრძელებს გამართულად მუშაობას, ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ საბანკო სისტემა, ისევე როგორც არასაბანკო ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა ამ პროცესს. აქედან გამომდინარე ის დარჩა ლოკომოტივად ეკონომიკური ზრდის და ასევე არის ლოკომოტივი წელსაც და მომავალ წელსაც იქნება. უპრეცედენტო შოკის მიუხედავად, ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საბანკო სისტემა ჯანსაღ ფუნქციონირებას აგრძელებს, საბანკო სექტორის მიერ შოკის დაძლევაში ლომის წილი მიუძღვის იმ საზედამხედველო პოლიტიკას და გონივრულ რეფორმებს, რასაც ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში ახორციელებდა, მიუხედავად ბევრი უკმაყოფილებისა, ხშირ შემთხვევაში კრიტიკისა ქვეყნის შიგნით. 

გარდა ამისა, მიმდინარე პერიოდში სოლიდური მოგება ეს ძალიან კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ ბანკებმა დროულად შეავსონ კაპიტალის ბუფერები, რაც, იმ შემთხვევაში თუ პანდემიის გახანგრძლივება მოხდება ან კიდევ სხვა შოკების შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. წელს ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ აღდგენას გლობალური ხასიათი აქვს და ბანკების მაღალი მომგებიანობა ასევე გლობალურია. ანუ ის მომგებიანობა, რასაც ახლა აჩვენებენ ბანკები, ეს არის იქიდან გამოწვეული, რომ მათ დარეზერვების ხარჯები გაცილებით ნაკლები აქვთ, რადგან მათ უკვე საკმაოდ დიდი რეზერვი გაატარეს 2020 წელს, გარდა ამისა, ეკონომიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რაც დამატებითი შესაძლებლობაა კომერციული ბანკებისათვის“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.  

Businesspartner