ფინანსები
23/11/2020

სესხების ინდივიდუალური გადავადებები გაგრძელდება - დავით უტიაშვილი

„მასიური გადავადებების საჭიროება აღარ დგას, თუმცა სესხების ინდივიდუალური გადავადებები გაგრძელდება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის უფროსმა განუცხადა.

დავით უტიაშვილის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზადაა, ბანკებს ლიკვიდობისთვის შესაბამისი რესურსები მიაწოდოს.

„ჩვენ ამ დრომდე გვაქვს საკმარისი ბუფერები, რომელიც ჯერ არ გამოგვითავისუფლებია. იგივე კაპიტალის და ლიკვიდობის კუთხით. შევძლებთ, რომ ეს რესურსები გამოვათავისუფლოთ. ასევე თუ ამის საჭიროება დადგა, შეგვიძლია გავაფართოვოთ ლიკვიოდობის მიწოდების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ავამოქმედეთ მარტში. თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. სესხების ინდივიდუალური გადავადებების პროცესი სტაბილურად ხორციელდება და ჩვენი ჩარევის აუცილებლობა არ არის,“ - აღნიშნა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის უფროსმა.

დავით უტიაშვილის განმარტებით, მასიური გადავადებისას პირველი ტალღა პორტფელის 50%-ს შეეხო. „ბანკებს აქვთ უკეთესი საოპერაციო რესურსები. ისინი შეძლებენ რომ ცალკეულ მსესხებლებს შესთავაზონ მათზე მორგებული პირობები. სექტორს ამისთვის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა,“-განმარტა უტიაშვილმა.

Businesspartner