ფინანსები
14/08/2020

სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ნივთების ციფრულ პორტალზე აღრიცხვა მომავალი წლიდან დაიწყება

ახალი წესი  სესხის გამცემი სუბიექტებითვის  2021 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

შს მინისტრის ბრძანებით, ელექტრონულ  პროგრამაში დარეგისტრირება სავალდებულო იქნება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის. ყველა ასეთ პირს მოუწევს პროგრამაში მათ შესახებ სრულყოფილი  ინფორმაცია განათავსონ. ამავე პორტალზე განთავსდება დეტალური ინფორმაცია ნივთის დამგირავებლისა და  გირავნობის საგნის შესახებ. მათ შორის იქნება ფოტოსურათები და ნივთის დეტალური მახასიათებლები თუ აღწერილობა.

პროგრამაში ინფორმაცია გირავნობის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში შეინახება.

აღსანიშნავია, რომ სუბიექტის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის  ინტეგრაცია და სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირი მოხდება.

„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით, პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები“, - ნათქვამია ბრძანებაში.

ახალ ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს.

„ყველა ლომბარდმა უნდა აღრიცხოს დალომბარდებული ნივთი, სადაც ჩვენ გვექნება გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი, რომ გამოვრიცხოთ რომ ეს იყოს კრიმინალის წამახალისებელი წყარო. უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ მოპარული ნივთების ე.წ. დალომბარდება ხდებოდეს“, - განაცხადა 2018 წლის 29 მაისს ბახტაძემ.

 

Businesspartner