ფინანსები
17/09/2021

სურგულაძე: კერძო ფონდებს გაუჭირდებათ სახელმწიფოს შექმნილ საპენსიო სქემასთან კონკურენცია

სპეციალისტები კერძო საპენსიო ფონდების განვითარების პერსპექტივას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ვერ ხედავენ.

როგორც საპენსიო სააგენტოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ე.წ მესამე სვეტის საპენსიო სქემის განვითარებას მნიშვნელოვანი სტიმულები სჭირდება. მაგალითად, სტიმულად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ მოქალაქის დაუბეგრავი შემოსავლიდან იყოს შესაძლებელი საპენსიო ფონდში თანხის დაზოგვა, ასევე მნიშვნელოვანია დამსაქმებლის სოლიდარული მონაწილეობა დასაქმებულთან ერთად. ლევან სურგულაძის თქმით, კერძო საპენსიო ფონდების არსებობა სხვა ქვეყნებშიც მიღებული პრაქტიკაა, თუმცა მისი განვითარება კაპიტალის ბაზრის განვითარების გარეშე შეუძლებელია.

„მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი გახლავთ ის რომ ჩვენთან კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული. ამ გარემოებებში კერძო საპენსიო ფონდებს ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ. სახელმწიფოს ეგიდით შექმნილ საპენსიო სქემასთან კონკურენცია, რადგან დღეს არსებულ სქემაში გაცილებით მეტი მასტიმულირებელი ფაქტორებია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ საპენსიო სისტემის მესამე სვეტის რეალური ამომედება გრძელვადიანი მომავლის, მაგრამ მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო საკითხია, რა თქმა უნდა. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ასეთი სქემების ამოქმედების პოპულარობას ვერ ვხედავ. ჯერ სხვა საქმეებია გასაკეთებელი, თუმცა კარგია რომ კანონი გვექნება და როცა მოვა დრო ეს სექტორი დაიწყებს განვითარებას. ასევე ხელშემშლელ ფაქტორებს შორის ერთ-ერთია კვალიფიციური აქტივების მმართველი კომპანიების არსებობა საქართველოში და სამწუხაროდ, არ გვყავს ასეთი კომპანიები. უცხოური კომპანიის მოწვევა კი ძვირი ღირს და ასეთი მცირე ზომის კომპანიები ამ ხარჯებს ვერ აიტანენ,” - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

პარლამენტი კერძო საპენსიო დაზღვევის კანონპროექტს კიდევ ერთხელ უბრუნდება. საკანონმდებლო ორგანო საპენსიო რეფორმის ე.წ მესამე სვეტის ამოქმედებისთვის რეგულირების ჩარჩოს მომზადებას იწყებს.

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს. აღსანიშნავია რომ ამ კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო გასულ წელსაც აპირებდა თუცა შარშან პრლამენტს ამ საკითხზე მსჯელობა არ დაუწია.

Businesspartner