ფინანსები
21/12/2020

TBC UZ-ს სპარტაკ თეთრაშვილი უხელმძღვანელებს

სპარტაკ თეთრაშვილი TBC Bank Uzbekistan-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა, - გადაწყვეტილება ბანკის აქციონერმა უკვე მიიღო.

spot.uz-ის ცნობით, ახალი რეგულაციის თანახმად თეთრაშვილი მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც თანხმობას მარეგულირებლისგან, უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღებს.

სპარტაკ თეთრაშვილს საბანკო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2015 წლიდან TBC Kredit-ის (არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია აზერბაიჯანის ბაზარზე) CEO იყო, მანამდე კი "საქართველოს ბანკში" აგროპროექტების მენეჯერის თანამდებობა ეკავა, იყო ასევე კომპანია Agron Group-ის დირექტორი, Procredit Bank Georgia-ს გაფართოებული საბჭოს წევრი.

სპარტაკ თეთრაშვილს დამთავრებული აქვს Procredit აკადემია გერმანიასა და მაკედონიაში, აქვს მენეჯმენტის ევროპულის სკოლის (ESM) ბაკალავრის ხარისხი და IE ბიზნეს სკოლის(მადრიდი, ესპანეთი) მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში (EMBA).

თიბისიმ უზბეკეთში საქმიანობის ლიცენზის მიმდინარე წლის აპრილში მიიღო, პირველი ფილიალი კი ზაფხულში  გახსნა. მაშინ ითქვა, რომ ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.  

"უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის,  ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა,  წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებასა და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ,“ - განაცხადა მომსახურების დაწყების შეფასებისას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები